ირაკლი ღარიბაშვილი: კახა კახიშვილის დანიშვნა მკაფიო გზავნილია, რომ რეფორმირების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გაიზრდება

ხვალ, ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატურას დაასახელებს

კახა კახიშვილის მინისტრად დანიშვნა არის მკაფიო გზავნილი ყველასთვის, რომ სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა კიდევ უფრო გაიზრდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კახა კახიშვილი გამოირჩევა თავისი წესიერებით.
“კახა კახიშვილი გახლავთ ორი შვილის მამა გამოირჩევა თავის წესიერებით, თავის განათლებით. მას საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება როგორც სახელმწიფო სამსახურში, ასევე არასამთავრობო სექტორში მუშაობის. ის მუშაობდა შსს-ში, ასევე პროკურატურაში, იუსტიციის სამინისტროში და მას ყველა ძალიან კარგად ახასიათებს. ასევე გეტყვით, რომ ის მუშაობდა არასამთავრობო სექტორში და მან თავი დაიმკვიდრა, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა და ობიექტურმა ექსპერტმა და 2014 წლის ოქტომბრიდან უკვე სასჯელაღსრულების მინისტრის პირველი მოადგილე გახდა. მე ასევე გეტყვით, რომ მინისტრად დანიშვნა არის მკაფიო გზავნილი ყველასთვის, რომ სასჯალაღსრულების სისტემის რეფორმირების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა კიდევ უფრო გაიზრდება. ეს სისტემა კიდევ უფრო ღია გახდება ყველასთვის და გამჭვირვალე და ახალ ეტაპზე გადავა ის რეფორმები, რომელიც დავიწყეთ სოზარ სუბარის დროს და ამას ბატონი კახა ბოლომდე მიიყვანს. ამ სისტემის რეფორმირების პროცესს დააგვირგვინებს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, გიორგი მღებრიშვილი და კახა კახიშვილი არიან ჯგუფელები და კარგი მეგობრები.
“ისინი არიან თანაავტორები ამ რეფორმების რომელზეც ვისაუბრე, ორივეს ვუსურვებ წარმატებას და მჯერა, რომ უწყებები, რომლებიც მათ ჩაიბარეს იქნება სამაგალითო”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშილიტვინენკოს ოჯახის ადვოკატი: მკვლელობა პუტინმა შეუკვეთა
შემდეგი სტატიადავით დარჩიაშვილი: ივანიშვილმა ეს ადამიანები პირადი ინტერესებისთვის შეარჩია