ირაკლი ღარიბაშვილი – ზოოპარკის ადმინისტრაციისგან მიღებული ცნობით, არც ერთი მტაცებელი ცხოველი ზოოპარკის ფარგლებს გარეთ არ იმყოფება

თბილისში და მის შემოგარენში სტიქიის სალიკვიდაციო და სამაშველო სამუშაოები აქტიურად ხორციელდება, – საგანგებო შტაბის მიერ გაწეული საქმიანობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საგანგებო შტაბის სხდომაზე შეაჯამა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ოფიციალურად დასტურდება სტიქიის შედეგად 13 ადამიანის დაღუპვა, დღის ბოლოს 2 ცხედარია ნაპოვნი, რომელთა იდენტიფიცირება ახლა ხდება; ასევე, მზიურის ტერიტორიაზე ნაპოვნია კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი, რომლის იდენტიფიცირებაც მიმდინარეობს.
“ჯერჯერობით, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 11 პირი. დაღუპული და დაკარგული ადამიანების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას უკვე მიეწოდა. რაც შეეხება დაშავებულებს, ამ დროისთვის საავადმყოფოებში რჩება 7 ადამიანი. ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. მთელი ქალაქის მასშტაბით ინტენსიურად გრძელდება სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები, რომლებშიც ჩართულია 350-მდე მაშველი სრული აღჭურვილობით, მერიის დასუფთავების სამსახურისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები. გაწმენდით და აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობს 250-მდე სპეციალური ტექნიკა”, – განაცხადა პრემიერმა.
შესაბამისი სტრუქტურების კოორდინირებული მუშაობით, ხვალ დილისთვის გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობის აღდგენა იგეგმება. აქტიურად იწმინდება ვერეს ხეობისა და ზოოპარკის ტერიტორია. მთავრობის მეთაურის განცხადებით, მელიქიშვილის გამზირის დაზიანებული მონაკვეთი აღდგენილია და შეზღუდვა საავტომობილო მოძრაობაზე რამდენიმე საათში მოიხსნება.
“წყნეთის ქუჩაზე მერიის სამსახურების მიერ ჩატარებულია დასუფთავების სამუშაოები. ამჟამად ადგილზე ელოდებიან ინერტული მასალების მიტანას, რომლითაც მოხდება სამაგრი კედლის აღმართვა, რათა არ მოხდეს მდინარის მიერ დამატებითი მიწის მასის ჩამოშლა და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლების და ავტოსადგომების ნგრევა. მდინარის მიმდებარე ტერიტორია, სადაც არსებობს მიწის ჩამოშლის საფრთხე, შემოსაზღვრულია სპეციალური ლენტით და მას იცავენ შსს-ს თანამშრომლები. წყნეთის ქუჩა #13-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან მოხდა მოსახლეობის გაყვანა, თუმცა, ბინის დატოვებაზე უარს ამბობს 3 ოჯახი. იმედი მაქვს, მათ დარწმუნებას შევძლებთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა ერთ-ერთ ყველაზე რთულ უბანზე – სვანიძის ქუჩაზე განხორციელებული სამუშაოების შესახებ. ირაკლი ღარიბაშილის თქმით, შესაბამისი სამსახურები, ეროვნული გვარდია, სპორტსმენები და მოხალისეთა რაზმები თბილისის მერიის კოორდინაციით აგრძელებენ მუშაობას, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლების უმრავლესობის პირველი სართულები გაწმენდილია.
როგორც პრემიერმა განაცხადა, 4-5 სახლში, მათი ავარიული მდგომარეობის გამო, გაწმენდითი სამუშაოების წარმოება სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია და ჯერჯერობით ვერ ხერხდება იქ შესვლა. “ბაგებში, უჩანეიშვილის ქუჩის მიმდებარედ ჩამოწოლილი მეწყერი შეისწავლეს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური სამსახურის სპეციალისტებმა, რომელთა დასკვნისა და რეკომენდაციების საფუძველზე ხორციელდება მეწყრისგან დამცავი ღონისძიებები. იმავდროულად, დღის განმავლობაში გეოლოგიური სამსახურის სპეციალისტები შვეულმფრენით ახდენდნენ ბაგების ფერდობზე სავარაუდო მეწყრული კერების შესწავლას. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი შვეულმფრენით შევიდა მდინარე დურუჯის ხეობაშიც და შეისწავლა ყვარლის მუნიციპალიტეტში, მდინარის მარცხენა ნაპირზე წარმოქმნილი მეწყრული პროცესი. გეოლოგების ინფორმაციით, აღნიშნულ მეწყერს მდინარის გადაკეტვა არ მოუხდენია და ამ ეტაპზე რაიმე სახის საშიშროება არ არსებობს”, – განაცხადა პრემიერმა.
მნიშნელოვანი სამუშაოები ჩატარდა ახალდაბის მიმართულებით, სადაც საფეხმავლო გზის გაჭრა მოხერხდა. გზის გაფართოება ხვალისთვის იგეგმება, რაც შესაძლებელს გახდის მაღალი გამავლობის ავტომობილებით ახალდაბასთან კავშირის აღდგენას.
მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ ახალდაბის მცხოვრებლების ნაწილი გადაყვანილია წყნეთის სამთავრობო აგარაკზე და იქ დარჩება მანამ, ვიდრე ამის საჭიროება იარსებებს.
“რაც შეეხება წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზის მონაკვეთზე ჩამოწოლილ მეწყერს, აქ საკმაოდ რთული მდგომარეობაა, რომლის შესწავლა სპეციალისტების მიერ კვლავ გრძელდება. შესწავლა დასრულდება უახლოეს მომავალში და მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რა ტიპის სამუშაოები უნდა ჩატარდეს მეწყრის შედეგების ლიკვიდაციისთვის. ზოოპარკში მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ნაპოვნია რამდენიმე დამხრჩვალი ლომი, მგელი და დათვი. ზოოპარკის ადმინისტრაციისგან მიღებული ინფორმაციით, სოციალურ ქსელებში და საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული სხვადასხვა სახის ინფორმაცია და ფოტოები, თბილისის ქუჩებში მტაცებელი ცხოველების გამოჩენასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება, ასევე ზოოპარკის ადმინისტრაციისგან მიღებული ცნობით, არც ერთი მტაცებელი ცხოველი ზოოპარკის ფარგლებს გარეთ არ იმყოფება და მოსახლეობას, ამ მხრივ, პანიკის საფუძველი არ გააჩნია”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიყვარელში სტიქიის საშიშროება არ არსებობს
შემდეგი სტატიასიბნელევ, საქართველოს ცაზე დაძრულო–საბა მეტრეველი