ირაკლი ღარიბაშვილი: ზარალის ოდენობამ, შესაძლოა, 100 მილიონ ლარს მიაღწიოს

პრემიერი ბოდიშს იხდის

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა, შესაძლოა, 100 მილიონ ლარს მიაღწიოს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერმა წყნეთში, სამთავრობო აგარაკზე განთავსებულ დაზარალებული ოჯახებთან შეხვედრაზე განაცხადა.

“ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით მოსახლეობას, რათა ეს რამდენიმე კვირა შედარებით მსუბუქად გადაიტანონ. სურათი ყოველდღე იცვლება და ზარალის ოდენობამ, შესაძლოა, 100 მილიონ ლარს მიაღწიოს. ზარალი საკმაოდ სოლიდურია, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ დონორებთან და იმედი გვაქვს, ისინი დაგვეხმარებიან ამ პრობლემების დაძლევაში. ჩვენ მათ წარვუდგენთ კონკრეტულ პროექტებს პირველადი საჭიროებების შესახებ და ყველაფერს მაქსიმალურად მოკლე დროში მოვაგვარებთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა წყნეთში, სამთავრობო აგარაკზე განთავსებული დაზარალებული ოჯახებთან შეხვედრაზე.
დაზარალებულებმა, თავის მხრივ, პრემიერს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ ხელისუფლების მსგავსი მხარდაჭერა 2008 წლის ომის პერიოდშიც კი არ უგრძვნიათ.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სამუშაოები სტიქიით დაზარალებულ უბნებში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და პროცესში აქტიურად არიან ჩართული მოხალისეები, რომლებმაც სოლიდარობის საოცარი მაგალითი აჩვენეს.
“გვერდით გვიდგას ჩვენი საამაყო ჯარი, მაშველები, პოლიციელები. ისინი არიან გმირები და ჩვენ ამ დღეების განმავლობაში გმირობის არაერთი გამოვლინება ვიხილეთ. ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანისთვის, ეს კიდევ ერთხელ კრავს ჩვენს ერს, ჩვენს საზოგადოებას”, – აღნიშნა პრემიერმა.
წყნეთის სამთავრობო აგარაკზე სტიქიით დაზარალებული სოფელ ახალდაბის მცხოვრები 6 ოჯახია განთავსებული. ისინი საკვებით და პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველყოფილი არიან.

banner
წინა სტატიაში“მზიურის” ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიავერეს ხეობაში სასწრაფო ევაკუაციაა გამოცხადდა