ირაკლი ღარიბაშვილი – ვიდრე ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება, ქართველი კაცი ბედნიერი ვერ იქნება

ჩვენ გვინდა ჩვენს აფხაზ ძმებთან ერთად ვიცხოვროთ მშვიდად და გვქონდეს ურთიერთპატივისცემა და სიყვარული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეთნოგრაფიულ მუზეუმში განუცხადა, სადაც სახალხო დღესასწაული “აფხაზეთობა” საზეიმოდ გაიხსნა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აფხაზებს დღევანდელი დღე მიულოცა და მათ კიდევ ერთხელ მიმართა.
“მინდა ყველას მივულოცო დღევანდელი დღე. დღეს არის “აფხაზეთობა”. მე ვისურვებდი, რომ ერთ დღეს ყველამ ერთად ვიზეიმოთ დღევანდელი დღე აფხაზეთსა და სოხუმში. მინდა ყველა აფხაზს მივულოცო “აფხაზეთობა” და მათ ვუთხრა, რომ ძალიან გვიყვარს ჩვენი აფხაზი ძმები და დები. ჩვენ მათზე ვზრუნავთ და გვინდა, რომ მათთან ერთად ვიცხოვროთ მშვიდად და გვქონდეს ურთიერთპატივისცემა და სიყვარული”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა მიზანმიმართულია სწორედ აფხაზებთან ურთიერთობების განმტკიცებისა და ნდობის აღდგენისკენ.
“მიმაჩნია, რომ ეს გზა გამარჯვებამდე აუცილებლად მიგვიყვანს. ჩვენთვის აფხაზეთი არის ძალიან დიდი ტკივილი. ნებისმიერი ქართველისთვის ეს არის მოუშუშებელი იარა. მანამ, სანამ არ აღდგება ტერიტორიული მთლიანობა ვერ იქნება ქართველი კაცი ბედნიერი და ვერც აფხაზი და ოსი იქნება ბედნიერი. ეს არის ჭეშმარიტება და ამას სჭირდება ყველას მხრიდან გაგება”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში,,აფხაზეთობა,, ენგურის ხიდთან (+ფოტო)
შემდეგი სტატიასპორტის სასახლის მშენებლობა შესაძლოა, ოლიმპიადამდე ვერ დასრულდეს