ირაკლი ღარიბაშვილი: ეს წელი მაინცდამაინც დალხენილი არ იქნება

ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება

ეს წელი მაინცდამაინც დალხენილი არ იქნება და ჩვენ კიდევ უფრო გაათმაგებული მობილიზებით უნდა შევხვდეთ გამოწვევებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმა აღნიშნა იმ ნეგატიური პროცესების შესახებ, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს და მთავრობის წევრებს მეტი მობილიზებისკენ მოუწოდა. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკურ გუნდს მიმართა, რომ ყოველი თვის დასაწყისში მთავრობის სხდომაზე წარმოადგინონ ანგარიში იმის თაობაზე, თუ როგორ სრულდება ბიუჯეტი.
“ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ყოველი თვის ბოლოს, მაგრამ მე მინდა, რომ კიდევ ერთხელ ეს საკითხი დავაფიქსიროთ, ვიცი, რომ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით შექმნილია სამუშაო ჯგუფები, თვითონ გადიხართ ხარჯვით ნაწილს, ყველგან ეფექტურად უნდა დავხარჯოთ და დიდი მობილიზება უნდა მოვახდინოთ ჩვენი სამინისტროების. ეს წელი არ იქნება მაინცდამაინც დალხენილი წელი, გამომდინარე იქედან, რომ მსოფლიოში გარკვეული ნეგატიური პროცესები მიმდინარეობს. ამიტომ ჩვენ კიდევ უფრო გაათმაგებული მობილიზებით უნდა შევხვდეთ ამ გამოწვევებს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე უწყება არგუმენტების გარეშე ვერ მოახდენს თანხების ათვისებას, ან ეფექტურად გახარჯვას, პრემიერ-მინისტრი გამოდის ინიციატივით, ეს თანხები მიმართული იქნას სარეზერვო ფონდში და გამოიყენონ სხვა უწყებებისთვის და სხვა მიმართულებით მიზნობრივად.
პრემიერმა ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურისგან მოისმინა ინფორმაცია, თუ როგორ სრულდება მიმდინარე წლის ბიუჯეტი. ნოდარ ხადურის ინფორმაციით, იანვარში საგადასახადო შემოსულობების გეგმა 540 მილიონ ლარს შეადგენს და გუშინდელი საღამოს მდგომარეობით ბიუჯეტში მობილიზებულია 519 მილიონი ლარი.
“ანუ ორი დღის განმავლობაში გეგმის შესასრულებლად ჩვენ გვჭირდება 21 მილიონი ლარი. საშუალოდ დღეში 30 მილიონ ლარამდე გადასახადები შემოდის. თავისთავად ცხადია, რომ ეს აღემატება შარშანდელ მონაცემებსაც, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ამასთან, ხადური იზიარებს პრემიერის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ წელს ძალიან დაძაბული წელი გვექნება და აქ საუბარია ზოგადად ეკონომიურ მდგომარეობაზე მსოფლიოში და არა მარტო საქართველოში. თუმცა, ფინანსთა მინისტრის თქმით, შემოსავლების სამსახური ყველაფერს აკეთებს და ყოველგვარი ზედმეტი ხელის გადაგრეხვის პოლიტიკის გარეშე ბიუჯეტი სრულდება და შესრულდება. ამასთან, ნოდარ ხადურმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ ყოველი თვის დასაწყისში მთავრობის პირველივე სხდომაზე სამინისტროების ხარჯვითი პოლიტიკის შესრულებაზე ანგარიში წარმოადგინოს.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანიას თქმით, 2015 წელს თბილისის მერია უფრო ეფექტურად იმუშავებს
შემდეგი სტატიასახელმწიფო უწყებების თანხები, რომელიც ”ეფექტურად ვერ დაიხარჯება”, მთავრობის სარეზერვო ფონდში გადაირიცხება