ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს გამოჩნდება, შეგწევთ თუ არა ძალა, თვალი გაუსწოროთ პროგრესს

ვის დაემუქრა ღარიბაშვილი კოალიციიდან გაშვებით

საპარლამენტო უმცირესობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენს. სხდომას მთავრობის წევრებიც ესწრებიან. როგორც პრემიერმა უმცირესობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მოხარულია, რომ გამოდის იმ ქვეყნის პარლამენტში, რომელშიც ადამიანის ყველა ფუნდამენტური უფლება დაცულია. ღარიბაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ დღეს გამოჩნდება, შესწევთ თუ არა მათ უნარი, თვალი გაუსწორონ მთავრობის მიერ მიღწეულ პროგრესს.
“თქვენ ალბათ უკვე გაეცანით განახლებულ სამთავრობო პროგრამას, რომელშიც წარმოდგენილია საქართველოს მთავრობის სამომავლო გეგმები, ის რეფორმები და ცვლილებები, რომლის განხორციელებსაც ჩვენ, მთავრობის უკვე განახლებული გუნდით ვაპირებთ.
მე არ მაქვს იმედი და არც მოლოდინი, რომ ის საპარლამენტო უმცირესობა, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტშია წარმოდგენილი, ადეკვატურად შეაფასებს 2012 წლის არჩევნების შემდეგ ჩვენი მთავრობის მიერ გაწეულ საქმიანობას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის სასიკეთო ცვლილება და რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, დადებითად აისახება საქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობაზე, მათ შორის თქვენ და თქვენ ოჯახებსაც შეეხება.
მე მიხარია, რომ გამოვდივარ იმ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, რომელშიც დაცულია ადამიანის ყველა ფუნდამენტური უფლება, მათ შორის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, არჩევანისა და სიცოცხლის უფლება. სწორედ ამიტომ, მე აღარ შევეხები ჩვენ შორის არსებულ ღირებულებით განსხვავებებს და დღეს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის დღევანდელობაზე და მომავალზე ვისაუბრებ.
დღეს გამოჩნდება, შეგწევთ თუ არა ძალა, თვალი გაუსწოროთ პროგრესს და აღიაროთ ის გაკეთებული საქმეები და ციფრები, რომლებსაც მე დღეს მოგახსენებთ”, – მიმართა პრემიერმა უმცირესობის წევრებს.
რაც შეეხება უშუალოდ სამთავრობო პროგრამას, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მასში დეტალურადაა წარმოდგენილი საქართველოს შემდგომი დემოკრატიული განვითარების სტრატეგია და გეგმები.
“მასში ჩამოყალიბებულია სამთავრობო პოლიტიკის ყველა ძირითადი ასპექტი. ჩვენ დეტალურად გავწერეთ, თუ როგორ ვაპირებთ იმ პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას სჭირდება განვითარების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასასვლელად.
მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მთავრობის პრიორიტეტი არის უცვლელი – ეს არის ძლიერი, ეფექტიანი და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა. ამ რეფორმებს წინ ვერაფერი აღუდგება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს პროცესი გახდეს შეუქცევადი”, – განმარტა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

banner
წინა სტატიაშიკინორეჟისორი რეზო ჩხეიძე დაკრძალეს
შემდეგი სტატიაასეთი დანაშაულისთვის ხალხს წინასწარ პატიმრობაში არ უნდა ვსვამდეთ–თინა ხიდაშელი