ირაკლი ღარიბაშვილი დონალდ ტუსკის შეხვდა

ევროკავშირისა და საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის პრიორიტეტები, აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტთან დაკავშირებული მოლოდინები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დღეს გამართულ შეხვედრაზე.
ირაკლი ღარიბაშვილმა და დონალდ ტუსკმა ერთმანეთს გაუზიარეს შეხედულებები რეგიონსა და საქართველოში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სიტუაციაზე, ასევე იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც ევროკავშირი არსებულ გამოწვევებთან ბრძოლის კუთხით ასრულებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინის კრიზისის გამო, რომელიც ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მდგომარეობას ამძიმებს და აღნიშნა, რომ ის წარმოადგენს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებას, რომელიც 2008 წლის აგვისტოში, საქართველოს წინააღმდეგ ომით დაიწყო.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს სურვილია, გახდეს წარმატებული მაგალითი რეგიონში და მიაღწიოს არსებით წინსვლას ვიზის ლიბერალიზაციის მიმართულებით, რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე.
ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია და ის ქართველი ხალხის ეროვნულ არჩევანს წარმოადგენს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი კირილ გაბურიჩს შეხვდა
შემდეგი სტატიაგოკა გაბაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს რიგგარეშე სხდომის უზრუნველყოფის თხოვნით მიმართავს