ირაკლი ღარიბაშვილი: დავით საგანელიძე საპარტნიორო ფონდს თავის მდიდარ გამოცდილებას მოახმარს

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეცვლა არ იგეგმება

დარწმუნებული ვარ, დავით საგანელიძე საპარტნიორო ფონდს თავის ცოდნას და მდიდარ გამოცდილებას მოახმარს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის წარდგენისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, საპარტნიორო ფონდის განვითარებასთან დაკავშირებით სერიოზული გეგმები აქვთ. “მინდა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარმოგიდგინოთ დავით საგანელიძე. მას განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება, რადგან ყველა იცნობს. პირველ რიგში ის არის გამოცდილი პლიტიკოსი, პარლამენტის 4 მოწვევის დეპუტატი. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და ჩვენი ლიდერი პარლამენტში. სამწუხაროდ, ახლა პარლამენტს დაემშვიდობა და მუშაობას გააგრძელებს ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე.
მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ბატონ დავითს, გარდა იმისა, რომ გახლავთ პროფესიით ექიმი, აქვს ეკონომისტის და იურისტის განათლებაც. რაც მთავარია, მას აქვს მენეჯმენტის დიდი გამოცდილება. თავის დროზე დავით საგანელიძე იყო საქართველოში პირველი სამედიცინო კორპორაციის დამფუძნებელი, ასევე ერთ-ერთი მსხვილი ქართულ-ბრიტანული ერობლივი კორპორაციის პრეზიდენტი. ამავე დროს, წლების განმავლობაში მუშაობდა ორ უმსხვილეს ბანკში – “საქართველოს ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრად და “თიბისი ბანკის” დირექტორთა საბჭოს წევრად. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, დავით საგანელიძე თავის ცოდნას და მდიდარ გამოცდილებას მოახმარს საპარტნიორო ფონდს. ჩვენ გვაქვს სერიოზული გეგმები, სერიოზული ხედვები ამ ფონდის განვითარებასთან დაკავშირებით და მისი ხელმძღვანელობით მრავალი ახალი და საინტერესო პროექტი განხორციელდება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა საპარტნიორო ფონდის დირექტორის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის ირაკლი კოვზანაძეს მადლობა გადაუხადა. “მინდა ირაკლი კოვზანაძეს გადავუხადო მადლობა გაწეული სამსახურისთვის და ვუსურვო წარმატებები ახალ, ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. მან საპარტნიორო ფონდში მუშაობის დროს დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რომელთა ნაწილი წარმატებით განხორციელდა, ნაწილი კი განხორციელების პროცესშია”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტზე დავით საგანელიძე შესაძლოა ზვიად კვაჭანტირაძემ შეცვალოს
შემდეგი სტატიადავით საგანელიძე: ჩვენ შევქმნით საფინანსო განვითარების ინსტიტუტს, რომელიც შეძლებს დიდი მასშტაბის ინვესტიციების მოზიდვას