ირაკლი ღარიბაშვილი: ბოდიში მომითხოვია ყველასთან, მაგრამ მე მაქვს სერიოზული ეჭვები და კითხვები

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეცვლა არ იგეგმება

ჩემთვის ყველაზე მთავარია მოსახლეობის ინტერესები და მათი ბედი და არა ის, ვინ როგორ კითხულობს ჩემს გამონათქვამს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.

“ამასთან დაკავშირებით ჩემი განმარტება ალბათ ზედმეტია. მე გუშინ გავაკეთე კომენტარი. ჩვენი მთავრობის საქმიანობას თუ გადახედავთ, ორი წლის განმავლობაში არც ერთი შემთხვევა არ არის, რომ ჩვენ სასამართლოს საქმიანობაში ჩავრეულიყავით. ჩემი აზრი გამოვთქვი, ვინაიდან მე მაინტერესებს, თუ რატომ მოხდა ასეთი გადაწყვეტილების მიღება. ეს არის ლოგიკური შეკითხვა, ვინაიდან საფრთხის წინაშე დგას 2500 ოჯახი. ასე, რომ როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს უნდა მაწუხებდეს ეს. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ჩემი წუხილი გამოვხატე”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საკითხი იქნა არასწორად გაგებული.

“მინდა ყველას მოვუწოდო, არასამთავრობოებს, ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველას და მათი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ საკითხი არასწორად იქნა გაგებული”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, არსებობს დისციპლინური კომისია და სხვა საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც შეიძლება იმის გარკვევა, თუ რატომ მოხდა სასამართლოს მიერ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებით.

“ეს ნებისმიერ ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანის გონებაში ბადებს ძალიან სერიოზულ და ლოგიკურ შეკითხვებს და ეჭვებს ამის უკან ხომ არ დგას რაიმე კორუფციული ინტერესი, როცა მითუმეტეს კომპანია აცხადებს, რომ დავალიანებას გადაიხდის და ამას მოსამართლე არ იზიარებს. ბოდიში მომითხოვია ყველასთან, მაგრამ მე მაქვს სერიოზული ეჭვები და კითხვები. ამიტომ ამაზე ვინც არ უნდა იყოს ეს, მეც რომ ვიყო უნდა გამოვიდე და განვმარტო. ყველამ კარგად ვიცით კონსტიტუციაც და კანონიც, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მთავარია მოსახლეობის ინტერესები და მათი ბედი და არა ის, ვინ როგორ კითხულობს ჩვენს გამონათქვამს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

არასამთავრობოები მოსამართლის მიმართ პრემიერის განცხადებას სახიფათო პრეცედენტად მიიჩნევენ. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია პრემიერ-მინისტრის მიერ გამოთქმულ შეფასებებს განცხადებით გამოეხმაურა.

“მოვუწოდებთ, მთავრობის მეთაურს, ისევე როგორც სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებს, პატივი სცენ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პრინციპს და თავი შეიკავონ მსგავსი განცხადებებისაგან მომავალში”, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშილუკაშენკო უკრაინელებს ყირიმის გამო საყვედურობს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილმა სტუდენტური საერთო საცხოვრებლის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა