ირაკლი ღარიბაშვილი: არავის უნდა მივცეთ საშუალება რაიმე გზით რეგიონში სიტუაციის დაძაბვა მოახდინოს

ხვალ, ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატურას დაასახელებს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის შედეგი იმ გაუაზრებელი პოლიტიკის, რომელიც სააკაშვილმა წლების განმავლობაში აწარმოა და პოლიტიკოსებს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს. ეს განცხადება ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
“რაც შეეხება ე.წ. საოკუპაციო ზოლს, იქ მიმდინარე პროვოკაციულ მოქმედებებს, მინდა შეფასება გავაკეთო და კიდევ ერთხელ მოვუწოდო პოლიტიკოსებს, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ ასეთ საკითხებს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში სტაბილურობა შევინარჩუნოთ და არც ერთ ძალას, არავის უნდა მივცეთ საშუალება რაიმე გზით რეგიონში სიტუაციის დაძაბვა მოახდინოს. ეს არის შედეგი იმ გაუაზრებელი პოლიტიკის, რომელიც სააკაშვილმა წლების განმავლობაში აწარმოა. ეს არის შედეგი 2008 წლის ომის, რომელმაც 25 000-მდე ახალი დევნილი, 100-ზე მეტი დაკარგული სოფელი და დამატებით დაკარგული ტერიტორიები მოგვიტანა. ეს არის ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელსაც ჩვენ ვიმკით და რომელსაც ვუმკლავდებით აგერ უკვე მესამე წელია. ჩვენი მთავრობის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ის, რომ სწორი, კონსტრუქციული პოლიტიკის წარმოება დავიწყეთ და მაქსიმალურად ხელი შევუწყვეთ რეგიონში სიტუაციის დეესკალაციას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის კონსტრუქციულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში და აღნიშნა, რომ სწორედ ასე კონსტრუქციულად და სწორად მოიქცა ქართული მხარე სოჭის ოლიმპიადის დროს, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, ამერიკელებთან, ევროპელებთან, რუსებთან ერთად ჩართული იყო უსაფრთხოების საკითხებში.
“ჩვენ მაქსიმალურად ფრთხილ და კონსტრუქციულ პოლიტიკას ვაწარმოებთ, მაგრამ არასოდეს შევგუებით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას. ეს არის ჩვენი პრინციპული მიდგომა, რომელიც არასოდეს შეიცვლება. ჩვენ არაფრის ფასად არ ვაპირებთ რაიმე კომრომისზე წავიდეთ ისეთ საკითხებზე, რომელიც ეხება ჩვენს აფხაზეთს და სამაჩაბლოს, თუმცა ეს არის ხანგრძლივი პროცესი, ვინაიდან წლების განმავლობაში დაგროვილ პრობლემებს თანმიმდევრულად ჭკვიანური პოლიტიკით უნდა გავუმკლავდეთ და არა უპასუხისმგებლო, ემოციური, გაუაზრებელი ყვირილით და ხმაურით”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო სამი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ მართლაც სურს შერიგება აფხაზ და ოს ძმებთან. მისივე თქმით, სააშკარაოზე არ გამოაქვს მთელი რიგი ის დადებითი ნაბიჯები, რომელიც შერიგების მიმართულებით გადაიდგა.
მისივე თქმით, მთავრობა არ დაუშვებს არავითარ პროვოკაციას და მაქსიმალურად მშვიდად, მაგრამ პრინციპულად გამოიყენებს საერთაშორისო ბერკეტებს.

banner
წინა სტატიაშიბრალდებული გიორგი ცააძე მოწმეს: გარეთ რომ ჩვენი ძმაკაცები არიან, მათი არ გეშინია
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: ხელი უნდა შევუწყოთ ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას