ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის მშენებლობის პროექტი რევოლუციურია

საქართველოს მთავრობამ ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ადრონული თერაპიის მეგაპროექტის გარშემო თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნებისა და განვითარების სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან, იტალიის ონკოლოგიური ადრონული თერაპიის ეროვნულ ცენტრსა და იტალიის ბირთვული ფიზიკის ეროვნულ ინსტიტუტთან განზრახულობათა ოქმი გააფორმა.

დოკუმენტს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნული ორგანიზაციების ხელმძღვანელმა პირებმა მოაწერეს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ განუცხადა, საქართველოში ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის მშენებლობის პროექტი რევოლუციურია.

“ეს არის საქართველოსთვის მართლაც რევოლუციური პროექტი, რადგან ჩვენი ქვეყანა იქნება მსოფლიოში მეხუთე, სადაც აღნიშნული ცენტრი განთავსდება. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი საქართველოში მეცნიერების განვითარების მიმართულებით. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ამ პროექტში ჩაერთვებიან ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომლები, მკვლევარები, რაც მათ განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც აღნიშნული პროექტის ფინანსური მხარდაჭერისთვის საქველმოქმედო ფონდ “ქართუსა” და პირადად ბიძინა ივანიშვილს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

ქართველი მეცნიერის, გია დვალის შეფასებითაც, მსგავსი ტიპის პროექტი ნებისმიერი ქვეყნისთვის, მით უმეტეს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან მას უამრავი ჰუმანური მხარე აქვს.

“დღეს გადაიდგა პირველი ძალიან პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი. მთავარი სირთულეები წინ არის – ურთულესი პროექტია. მის განხორციელებას სჭირდება საერთაშორისო საზოგადოების და ჩვენი პარტნიორების ძალიან ძლიერი თანადგომა და ძალიან დიდი ძალისხმევა ქვეყნის შიგნით. იმედი ვიქონიოთ, რომ დღევანდელ დღეს მოჰყვება წარმატებული გაგრძელება”, – განაცხადა გია დვალმა.

banner
წინა სტატიაშიქართული ოცნებისთვის თანხის ჩარიცხვის შემდეგ 14 ადამიანი მაღალ თანამდებობებზე დაინიშნა
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ყირიმის სცენარის შესაძლო განვითარებაზე საუბრობს