ირაკლი კოპლატაძე: თურქეთის დელეგაციის აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით, საქართველომ თურქეთს ნოტით მიმართა

თურქეთში საქართველოს ელჩის ირაკლი კოპლატაძის განცხადებით, თურქეთის დელეგაციის აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით საქართველომ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ნოტით მიმართა. ამის შესახებ მან ამბასადორიალის ფარგლებში ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა და დასძინა, რომ კომუნიკაცია შედგა საქართველოში თურქეთის ელჩთანაც.

“აღნიშნული ვიზიტის შესახებ ინფორმაციას რამდენიმე დღის წინ ვფლობდი და შესაბამისი ნოტით ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართე. ასევე ჩვენმა საელჩომ გააკეთა შესაბამისი ანგარიში აქ, თურქეთის საელჩოში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია. მეც ვისარგებლე შემთხვევით და ამბასადორიალის ფარგლებში შევხდი თურქეთის ელჩს. პოზიცია არის ასეთი, რომ თურქეთი ფედერალურ დონეზე, სამთავრობო დონეზე ცალსახად ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მათ ეს დაადასტურეს გაერო-ს რეზოლუციის მხარდაჭერით, მაგრამ ახლა თურქეთში არსებობს დროებითი მთავრობა, წინასაარჩევნო პერიოდია, მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია და ამით შეიძლება ისარგებლეს ადგილებზე შესაბამისი მუნიციპალიტეტებისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა, რომლებმაც წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, იმ რეგიონებში, სადაც მრავლად არის ეთნიკური აფხაზი წარმომავლობის მოსახლეობა მოაწყვეს ეს ტური”, – განაცხადა ირაკლი კოპლატაძე.

 

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში საქართველოს ელჩი: ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება სექტემბერში უნდა დასრულდეს
შემდეგი სტატიასაბერძნეთში 25 წლის ქართველი ახალგაზრდა დაიკარგა- ოჯახი დახმარებას ითხოვს