ირაკლი ალასანია: უნდა იყოს ნაკლები თავდასხმები პრეზიდენტზე

alasania

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, პრეზიდენტზე და ამავდროულად, მთავარსარდალზე თავდასხმები ქვეყნის იმიჯს აზიანებს. ამის შესახებ ალასანიამ დღეს თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე “ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ისაუბრა თუ რა არის საჭირო იმისათვის, რო, საქართველოს გზა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ წარმატებული იყოს. ამ მხრივ, ალასანიამ წინა ხელისუფლებების როლიც აღნიშნა. მისი თქმით, ძალიან დიდი შეცდომა იქნება, თუ ჩვენ თვალს დავხუჭავთ იმ მიღწევებზე, რაც წინა მთავრობას აქვს. კერძოდ, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით.
რაც შეეხება ნატო-სთან ინტეგრაციას, ალასანიას თქმით, ნატოსთან ინტეგრაციის სურვილი 90-იანი წლებიდან მოდის, როდესაც მეორე პრეზიდენტმა ახსენა ნატო-ს კარზე დაკაკუნება. შემდეგ, როგორც სააკაშვილის მთავრობის, ისე მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს გვაქვს დეკლარირებული ხედვა იმის შესახებ, რომ ჩვენ გვსურს ნატო-სა და ევროკავშრში ინტეგრაცია.
ალასანიას თქმით, ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა საქართველოს ჰქონდეს გეგმა, ერთიანი ხედვა და მიდგომა და ასევე საჭიროა დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა წინ წავიდეს.
“უნდა იყოს ნაკლები თავდასხმები პრეზიდენტზე, როგორც ჩვენი ქვეყნის ლიდერზე და მთავარსარდალზე, ეს ძალიან აზიანებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს. გარდა ამისა, უნდა შეიცვალოს არაფორმალური მმართველობა, რომელიც ახლა არის გასამმაგებული. ჩვენ გვაქვს ვითარება, როდესაც არაფორმალური ლიდერი სრულ კონტროლს ახორციელებს მთავრობასა და პარლამენტზე და ამ დროს ნულოვანი ანგარიშვალდებულება აქვს, ეს ძალიან ცუდია, როგორც გარე ფაქტორების თვალსაზრისით, ისე ქვეყნის შიგნითაც”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ და მან იმედი გამოთქვა, რომ ამ ვითარებას ახალი საპარლამენტო არჩევნები შეცვლის.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია,,პირი, რომელმაც საქართველოდან ინფორმაცია გაიტანა, სუს-ის ანალიტიკური სამსახურის თანამშრომელია”