ირაკლი ალასანია: საფრანგეთის ელჩისგან მიკვირს, რატომ არ ახსენა თუ რა იყო გაფორმებული

ქვეყანაში უნდა დამთავრდეს კულუარებიდან არაფორმალური მართვა–ირაკლი ალასანია

მიკვირს საფრანგეთის ელჩისგან, რატომ არ ახსენა თუ რა იყო გაფორმებული, – ამის შესახებ საზოგადობრივი მაუწყებლის ეთერში საქართველოში საფრანგეთის ელჩის საპასუხოდ საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა. ალასანია დარწმუნებულია, რომ ელჩი ამის შესახებ ინფორმირებული იყო, ისევე, როგორც ინფორმირებულია თუ რა ვადებში უნდა გაფორმებულიყო შეთანხმება მემორანდუმის შემდეგ.
“ელჩის კრიტიკას და კომენტარებს არ ვაპირებ. ტექნიკურად შესაძლოა სწორად არის ნათქვამი, რომ ვალდებულება არ იყო აღებული, მაგრამ მიკვირს, რომ არ ახსენა რა იყო გაფორმებული, თუმცა ეს მისი არჩევანია. მეც ვკითხავდი და ჟურნალისტებიც ალბათ იკითხავენ, თუ იყო მემორანდუმი გაფორმებული საფრანგეთში და რა ვადებში უნდა გაფორმებულიყო შეთანხმება. ელჩს ალბათ ექნება შესაძლებლობა უპასუხოს”, – განაცხადა ალასანიამ.
ქართული მხრიდან ფრანგ მწარმოებლებთან არანაირ ვალდებულებაზე ხელი მოწერილი არ ყოფილა, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა რენო სალენსმა განაცხადა. სალენსის განცხადებას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ელჩის თქმით, ქართულ მხარესა და ფრანგულ მწარმოებლებს შორის იყო მხოლოდ განხილვები, რომელიც ახლაც გრძელდება.
“გასულ წელს დაიწყო გარკვეული განხილვები საქართველოს მთავრობასა და ფრანგ მწარმოებლებს შორის, ორმხრივი თანამშრომლობის ჩვეულ რეჟიმში. მე კიდევ ერთხელ ვამახვილებ ყურადღებას ტერმინზე “განხილვები”, რადგან ქართული მხრიდან არანაირ ვალდებულებაზე ხელი მოწერილი არ ყოფილა – არანაირი შეთანხმება, არანაირი ხელშეკრულება, არანაირი ვალდებულება და არაფერი მსგავსი. ერთადერთი, რისი თქმაც ახლა შემიძლია არის ის, რომ ის განხილვები, რომლებიც გასულ წელს დაიწყო, გრძელდება”, – განაცხადა სალენსმა.

banner
წინა სტატიაშიხათუნა ბოკუჩავა: ალბათ, მოსაკლავი იყო, რამდენი ადამიანი ეყოლებოდა მაგას გამწარებული
შემდეგი სტატიამინდია ჯანელიძე: ფრანგულ მხარესთან კონსულტაციები წარმატებით გრძელდება