ირაკლი ალასანია პროკურატურის მიერ სააპელაციო საჩივარზე საიდუმლო გრიფის მოხსნას საზოგადოებრივ ზეწოლას უკავშირებს

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია ე.წ. კაბელების საქმეზე პროკურატურის მიერ საკუთარ სააპელაციო საჩივარზე საიდუმლო გრიფის მოხსნას საზოგადოებრივ ზეწოლას უკავშირებს.
ალასანიამ მადლობა გადაუხადა, როგორც არასამათავრობო ორგანიზაციებს, ასევე მედიის წარმომადგენლებს, რომ ეს თემა ყურადღების ცენტრში მოექცა.
“სწორედ ამან განაპირობა პროკურატურის უკან დახევა. ეს არის გამარჯვება ამ ეტაპზე – მათ შეეზღუდათ მანიპულირების საშუალება, რომ შეენიღბათ და დაემალათ საკუთარი საჩივარი, აქედან გამომდინარე ის პასუხიც, რომელიც სააპელაციო სასამართლოს უნდა მიეღო. უკვე ასე ღიად თეთრზე შავიაო, ვეღარ იტყვიან. ამიტომ ეს ნაბიჯი მისასალმებელია და ეს იყო მოპოვებული იმ ბრძოლით და სიფხიზლით, რომელიც საზოგადოებამ გამოიჩინა”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მისივე თქმით, უნდა დაველოდოთ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც უნდა იყოს თავისუფალი ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის გავლენისგან.
როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე დააკმაყოფილა დაცვის შუამდგომლობა და მტკიცებულებად არ ცნო  სასაქონლო და საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, რაც პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საჩივარს გრიფი  საიდუმლო ედო,  თუმცა პროკურატურამ დღეს გრიფის მოხსნის შესახებ განაცხადა.

banner
წინა სტატიაში“ჩვენს ხელთ არის პოლიტიკური ბრძოლის ძალიან დიდი არსენალი,” – მამიკა კაციტაძე
შემდეგი სტატია“თავისუფალმა დემოკრატებმა” პარტიის ეკონომიკური ხედვის პრეზენტაცია გამართეს