ირაკლი ალასანია: მთავარია, მიზანმიმართულად განვავითაროთ თავდაცვა და ეკონომიკურ ზრდას მივაღწიოთ, თუმცა ეს სიმპტომები ქვეყანაში არ არის

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, რუსეთი მასშტაბური წვრთნებით მთელი მსოფლიოს წინაშე იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ სამხედრო კუთხით ნებისმიერი ამოცანის გადაწყვეტას შეძლებს.
ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რუსეთის მიერ მასშტაბური წვრთნების გამართვის შესახებ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე ყირიმში, ჩრდილოეთ კავკასიაში.
“ეს არის ბუნებრივია ნაბიჯი, რომელიც დემონსტრირებას უკეთებს მთელ მსოფლიოს, რომ რუსეთი სამხედრო კუთხით ნებისმიერი ამოცანის გადაწყვეტას შეძლებს. ეს არის გარკვეულწილად მათი პროპაგანდის შემადგენელი ნაწილი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ყოველთვის, რომ ამ შემთხვევაში, ჩვენი თავის იმედი უნდა გვქონდეს. ამიტომ, მიზანმიმართულად უნდა ვაძლიერებდეთ ჩვენს შეიარაღებას, სამხედრო შეიარაღებულ ძალებს და ვაძლიერებდეთ ეკონომიკას”, – განაცხადა ალასანიამ.
“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი მიიჩნევს, რომ ეს არის საქართველოს მხრიდან ყველაზე ადეკვატური ნაბიჯი.
“არ არის აუცილებელი, რაღაც ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებები. ჩვენ მიზანმიმართულად უნდა ვემზადებოდეთ იმისთვის, რომ ნებისმიერი სამხედრო აქტივობისთვის მზად ვიყოთ და თავდაცვისუნარიანობა ავამაღლოთ”, – განაცხადა ალასანიამ.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი დარწმუნებულია, რომ რუსეთის ამ ქმედებებს შეფასებები მოჰყვება საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ევროკავშირიდან, თუმცა, მისივე თქმით, ეს არის ერთი მხარე.
“მთავარია, ჩვენ მიზანმიმართულად განვავითაროთ ჩვენი თავდაცვა და ეკონომიკურ ზრდას მივაღწიოთ. სამწუხაროდ, დღეს ეს სიმპტომები ჩვენს ქვეყანაში არ არის, ამიტომაც არის აუცილებელი სწორი ეკონომიკური გეგმის არსებობა”, – აღნიშნა ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია: გიორგი ანწუხელიძე ჩვენი სულის უტეხობის სიმბოლოა
შემდეგი სტატიაწალენჯიხაში მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა