ირაკლი ალასანია: „მეც ვაპირებ, რომ დავტოვო „თავისუფალი დემოკრატები“

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ პარტიის დატოვებას ვიქტორ დოლიძე და ზურაბ აბაშიძეც აპირებენ.

პარტიიდან წევრების სავარაუდო გადინების შესახებ დასმულ კითხვაზე ჟურნალისტებს ალასანიამ ხუმრობით უპასუხა – „მეც ვაპირებ, რომ დავტოვო „თავისუფალი დემოკრატები“ – მაგ ჭორებს ნუ აყვებით“.

რაც შეეხება პარტიიდან დავით ზალკალიანის წასვლას, ამაზე ალასანიამ აღნიშნა, რომ 6 თვით ადრე იყო გადაწყვეტილება მიღებული, რომ ზალკალიანს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდში გაეგრძელებინა მუშაობა.

„ეს არ არის დღეის ამბავი. ზალკალიანი არის ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, მთავარი ფიგურა, რომელმაც შექმნა „თავისუფალი დემოკრატები“ და ჩვენ 6 თვით ადრე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მას მუშაობა ლევან მიქელაძის სახელობის ფონდში გაეგრძელებინა. ბუნებრივია, არასამთავრობო სექტორში საქმიანობა არ უნდა იყოს არეული პოლიტიკურ საქმიანობაში. ეს არის და ეს. ამ საკითხზე ადგილი აქვს ივანიშვილის მხრიდან თითიდან გამოწოვილ ინსინუაციებს. ამას არ მიაქციოთ ყურადღება“, – განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, „თავისუფალი დემოკრატები“ ისე, როგორც არასდროს, ერთიანები არიან, პარტია იზრდება და მომავალშიც ასე გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიაბრეშუმის გზის ფორუმის მონაწილეებს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი შეხვდა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი პრემიუმ კლასის სასტუმროს გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას