ირაკლი ალასანია: ივანიშვილის გუნდი მაფიოზურ კლანად ყალიბდება

ივანიშვილის გუნდი ყალიბდება მაფიოზურ კლანად, რომელსაც როცა უნდა, პოლიტიკური მოსაზრებებით გაასაიდუმლოებს ნებისმიერ პროცესს, – ასე გამოეხმაურა “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია პროკურატურის მიერ სააპელაციო საჩივრის გასაიდუმლოების ფაქტს.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ალასანია დღეს არასამთარვობო ორგანიზაციებს შეხვდა და მათ სთხოვა რეაგირება მოახდინონ ამ პროცესზე, რათა მოხდეს საქმის განსაჯაროება.
“დღევანდელი ინფორმაციის მიღების შემდეგ არანაირი შეფასება არ შემიძლია გავაკეთო გარდა იმისა, რომ ივანიშვილის გუნდი ყალიბდება პრაქტიკულად მაფიოზურ კლანად, რომელიც, როგორც უნდა, როცა უნდა პოლიტიკური მოსაზრებებით გაასაიდუმლოებს და საჯაროობას მოაკლებს ნებისმიერ პროცესს. ზუსტად ეს ხდება დღეს. გასაიდუმლოება უნდათ ისევ იმ პროცესის, რომელიც თავიდან საიდუმლო იყო, შემდეგ გრიფი მოეხსნა და ახლა, როდესაც ბრალდებას და ივანიშვილს გაუჭირდათ, ისევ დაადეს საიდუმლო გრიფი. ეს არის ორგანიზებული დანაშაული, რომელსაც თავში ივანიშვილი უდგას. მაშინ ამ ლოგიკით ასევე წარმატებით შეუძლიათ ნებისმიერი თემა გაასაიდუმლოონ და აღარ ილაპარაკონ, მაგალითად ეკონომიკური კრიზისი. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ პროცესი საჯაროდ წარიმართოს და საიდუმლო გრიფი მოეხსნას. მიხარია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად ჩაებმებიან ამ პროცესში”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
შეხვედრის შემდეგ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საია-ს პოზიციაა, ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები უდანაშაულოდ სხედან ციხეში. არ დასტურდება მათი ბრალეულობა, ხოლო მათი პატიმრობა არის დაუსაბუთებელი.
“რაც შეეხება ახალ ინფორმაციას, ის საგანგაშოა. ჩვენ მივადევნებთ თვალყურს როგორ განვითარდება მოვლენები იმიტომ, რომ სასამართლოს ავტორიტეტი საზოგადოების თვალში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და ნებისმიერი ტიპის ზეწოლა, ან ზეგავლენის მოხდენა არის დამანგრეველი”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანიას ინფორმაციით, კაბელების საქმეში ოთარ ფარცხალაძეა ჩართული
შემდეგი სტატიალევან ბეჟაშვილი: ხარჯების შეკვეცა მძიმე მდგომარეობში მყოფ მოსახლეობაზე აისახება