ირაკლი ალასანია – ეჭვი მეპარება, რომ რუსეთის ფედერაცია გამოძიებას ხელს შეუწყობს

ბიძინას მაფიოზობა საქართველოში არ გამოუვა

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერს ირაკლი ალასანიას ეჭვი ეპარება, რომ რუსეთი ჰააგის პროკურატურას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ობიექტური გამოძიების ჩატარების საშუალებას მისცემს. როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად ამისა, ქართული მხარის ეროვნულ ინტერესებში შედის, რომ ეს გამოძიება ჩატარდეს და დადასტურდეს, რომ ცხინვალის ტერიტორიაზე მოხდა ქართველების ეთნიკური წმენდა.
“ფაქტი სახეზეა. ქართველების ეთნიკური წმენდა განხორციელდა ცხინვალის რეგიონში. ფაქტია, რომ ეს აგრესია ინიცირებული იყო რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ამიტომ ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის ობიექტური გამოძიება წარიმართოს და ჩვენ ხელი შევუწყოთ ამ გამოძიებას, თუმცა ეჭვი მეპარება იმაში, რომ რუსეთის ფედერაცია ხელს შეუწყობს და დაეხმარება გამოძიებას, მაგრამ ეს პროცესი აუცილებლად უნდა წარიმართოს და ჩვენ ინტერესით უნდა დავაკვირდეთ რა შედეგით დასრულდება. ჩვენ არანაირი ბერკეტი არა გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. იქ ვითარებას აკონტროლებს რუსეთის ფედერაცია და ამიტომ მე მეპარება ეჭვი, რომ იქ ობიექტურად ჩაატარებინებენ გამოძიებას, თუმცა ჩვენთვის ეს გამოძიება აუცილებლად ჩასატარებელია, რადგან რეალურად დავადასტურებთ იმას, რაც მოხდა, ქართველების ეთნიკურ წმენდას”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
რაც შეეხება იმას, თუ ვისი დანაშაული გამოიკვეთება მისი აზრით, ალასანია აცხადებს, რომ ამის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია, თუმცა მისი გადმოსახედიდან ასეთი დამნაშავეები არიან რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ცხინვალის ადგილობრივი ხელმძღვანელობა. რაც შეეხება იმ გამოძიებას, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო აწარმოებდა, ალასანია აცხადებს, რომ ეს ეხებოდა საქართველოს სამხედრო ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებს. გამოძიების პირველი ნაწილი დასრულებულია, თუმცა ალასანიას თქმით, ამ გამოძიებას არანაირი კავშირი არა აქვს იმ გამოძიებასთან, რომელსაც ჰააგის პროკურატურამ უნდა აწარმოოს.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის გამოძიებას ითხოვს, – ამის შესახებ სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში თავად ბენსუდა აცხადებს.
მისი მტკიცებით, არსებობს გონივრული ვარაუდი, რომ 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს ქართულმა და ოსურმა მხარეებმა სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს.
2008 წლის მოვლენების გამოსაძიებლად, ფატუ ბენსუდამ ჰააგის სასამართლოს მოსამართლეების ოფიციალური ნებართვა უნდა მიიღოს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია აცხადებს, რომ დავით ზალკალიანმა პარტიის დატოვების გადაწყვეტილება 6 თვის წინ მიიღო
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი დარწმუნებულია, რომ რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებით საქართველოს სახელმწიფო ინტერესები არ დაზარალდება