ირაკლი ალასანია: ერთი ჭიკაიძის გაშვება ვერაფერს შეცვლის

ვერც არჩეული მერი, ვერც არჩეული გამგებელი ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ იღებს, თუკი სუს-ის ადგილობრივ წარმომადგენელთან არ შეათანხმა, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, ისეთი ადამიანი, რომელსაც კონკრეტულ უწყებაში მუშაობის გამოცდილება, ისტორია არ აქვს და ბიოგრაფია ორი წლის წინ დაიწყო იმის გამო, რომ ვიღაცის ნათესავია, იმ კონკრეტულ სფეროში ვერ გაამართლებს და თავის კოლეგებში ვერც ავტორიტეტს მოიხვეჭს.
“ეს ხდებოდა სწორედ იმ კადრებით, რომლებიც ღარიბაშვლის გაპრემიერების შემდეგ ძირითადად სამართალდაცვით სტრუქტურებში მოვიდნენ. ეს ბუნებრივი პროცესია, მათ მოუწევდათ თანამდებობიდან წასვლა იმიტომ, რომ თავს ვერ გაართმევდნენ. მთავარია, რომ შეირჩეს კომპეტენტური ადამიანების დანიშვნის სწორი სისტემა და ეს იყოს ღია. ჩატარდეს კონკურსები. ამ კუთხით თვითონ შინაარსი, ფილოსოფიაა შესაცვლელი და არა მხოლოდ ერთი ჭიკაიძის გაშვება თანამდებობიდან – ეს ვერაფერს შეცვლის. მოვა სხვა, რომელიც აბსოლუტურად იქნება შეზღუდული თავის უფლებამოსილებებში, თუნდაც ჩვენ ვიცით, რომ იქ ძირითადად სიტუაციას სხვა ადამიანები მართავდნენ – იგივე მოადგილეები, უსაფრთხოების სამსახური – სუს-ად წოდებული”, – განაცხადა ალასანიამ.
“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის თქმით, იგი ყოველკვირეულად საქართველოს რეგიონებში დადის და ყველგან მთავარი პრობლემა რეალური თვითმმართველობის არარსებობაა.
“ვერც არჩეული მერი, ვერც არჩეული გამგებელი ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ იღებს – სკამს ვერ გადადგამს ერთი ოთახიდან მეორეში, თუკი ეს სუს-ის ადგილობრივ წარმომადგენელთან არ შეათანხმა. ეს არის სირცხვილი. ეს არ არის ის სისტემა, რისთვისაც 2012 წელს ჩვენ ერთად ვიბრძოდით, რომ შეგვეცვალა. აქედან გამომდინარე, საჭიროა სისტემური მიდგომა”, – განაცხადა ალასანიამ და დასძინა, რომ მას არ აქვს იმედი, რომ მიდგომა შეიცვლება, რადგან “ეს არ ესმის კოალიციაში მთავარ წამყვან ფიგურას – ბიძინა ივანიშვილს”.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია: არის საუბარი, რომ უახლოეს პერიოდში მოხდება მთავრობის ცვლილებაც
შემდეგი სტატია300 ექსპეტიმენტალური ვაქცინა ებოლას წინააღმდეგ