იოსებ ნანობაშვილი საბერძნეთის მიერ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას წლის ბოლომდე ვარაუდობს

ინტერნეტში საბერძნეთის ეკონომიკის დასახმარებლად ფულს აგროვებენ

საქართველოს ელჩი საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას საბერძნეთის მიერ წლის ბოლომდე ვარაუდობს.
როგორც ნანობაშვილმა განაცხადა, საბერძნეთში შექმნილი კრიზისული ვითარების გამო გარკვეული დრო დაიკარგა, თუმცა საქართველოს წარმომადგენლობა გააგრძელებს ყველა ღონისძიებას, რათა საბერძნეთის პარლამენტის მიერ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს. ამასთან, ნანობაშვილის ინფორმაციით, საქართველოსა და საბერძნეთის პირველ პირებს შორის ამ საკითხზე გარკვეული კომუნიკაცია ერთ-ერთ მაღალი დონის ღონისძიებაზე შედგა.
“ჩვენ ერთ-ერთი ამოცანაა, რომ ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია საბერძნეთის მხარის მიერ მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოხდეს. ამჟამად საბერძნეთის საგარეო და ფინანსთა სამინისტროებს წარსადგენი აქვთ დასკვნითი დოკუმენტები პარლამენტისათვის, რათა რატიფიკაციის საპარლამენტო პროცესი დაიწყოს. ჩვენ, სამწუხაროდ, დავკარგეთ დრო ამ კრიზისის გამო, ვინაიდან ივლისის პერიოდში ვგეგმავდით გარკვეული ღონისძიებების გატარებას. აგვისტო, მოგეხსენებათ, როგორი პასიური პერიოდია, განსაკუთრებით საბერძნეთში. ჩვენ მაქსიმალურად გავაგრძელებთ ყველა იმ ღონისძიებას, რაც დაგეგმილი გვქონდა, რათა საბერძნეთის მხარის მიერ რატიფიცირებას შემჭიდროებულ ვადებში მივაღწიოთ. რეალისტური ამოცანაა, რომ წლის ბოლომდე ეს უნდა მოვახერხოთ”, – განაცხადა ნანობაშვილმა.
ამასთან, ელჩი გამორიცხავს, საბერძნეთის მმართველმა კოალიციამ (SYRIZA) მხარი არ დაუჭიროს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას.
აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტში კენჭისყრაზე ფრაქციამ European United Left-Nordic Green Left, რომლის შემადგენლებაში შედიან Syriza-ს დეპუტატები, დოკუმენტის რატიფიკაციის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება ამ დროისთვის რატიფიცირებულია ევროკავშირის წევრი 23 სახელმწიფოს, საქართველოსა და ევროპის პარლამენტების მიერ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ ყირიმი უცხოელებისთვის ჩაკეტა
შემდეგი სტატიაერთი დოლარი 2.2468 ლარი გახდა