„იმპორტი უფრო მეტად უნდა შემცირდეს, რომ ექსპორტთან დისბალანსი შემცირდეს“

ბიზნეასოციაციის პრეზიდენტის გიორგი ჭირაქაძის განცხადებით, ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით, ის იმპორტის უფრო მეტ შემცირებას ელოდა, ვიდრე დღეის მდგომარეობით სახეზეა.

ჭირაქაძის თქმით, იმპორტის შემცირება ხელისუფლებაზე ან ვინმე სხვაზე, პირდაპირ დამოკიდებული არაა, არამედ, ის დამოკიდებულია იმ მოლოდინებზე, რაც მოსახლეობას და ბიზნესს გააჩნია მომავალთან მიმართებაში.

„პირადად მე, ძალიან მიკვირს. მე იმპორტის მეტ შემცირებას ველოდი. ეს ზოგადად პრობლემატური თემაა. იმპორტი უფრო მეტად უნდა შემცირდეს, რომ დისბალანსი შემცირდეს. ეს რა საკვირველია, ხელისუფლებაზე ან ვინმე სხვაზე, პირდაპირ დამოკიდებული არაა. ეს დამოკიდებულია იმაზე, რაც მოსახლეობას, ბიზნესს მომავალთან მიმართებაში გააჩნია და ასევე, დამოკიდებულია იმპორტიორებზე, რომლებსაც ქვეყანაში საქონელი შემოაქვთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეკონომიკა ისეთი რამაა, რომ ყველაფერს თავის ადგილი მიუჩენს. იმედია, ლარის კურსი ზემოთ, ან ძალიან ზემოთ არ წავა“, – განაცხადა ჭირაქაძემ და აქვე აღნიშნა, რომ პროგნოზების გაკეთება ამ მიმართულებით, ძალიან რთულია.

რაც შეეხება ლარის დევალვაციას, ბიზნეასოციაციის პრეზიდენტის თქმით, ის, უმეტეს წილად, ამ მხრივ მეზობელ ქვეყნებში არსებულმა ვითარებამ განაპირობა.

„ჩვენ თუ დავაკვირდებით რა ხდება ჩვენს რეგიონში, ბევრმა ჩვენგანმა არ იცის, თუ რა მოსდის თურქულ ლირას ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ის ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ძალიან გაუფასურდა. რასაკვირველია, ეს ჩვენთვის დამამშვიდებელი არაა. ჩვენს მეზობლებთან საკმაოდ ცუდი ტენდენციებია და ფაქტობრივად, შეუძლებელია ამ შემთხვევაში ლარი სტაბილური იყოს. იმედი გვქონდა ლარი დასტაბილურდებოდა, მაგრამ მე დღეს უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ის ფაქტორები, რაც ლარის გაუფასურებასთანაა დაკავშირებული, ძალიან დიდი ნაწილი, ჩვენს მეზობლებთანაა დაკავშირებული. შეუძლებელია შენი ვალუტა მყარი იყოს და ამავე დროს, აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში ვალუტას ხდებოდეს სუსტი. იმედი მაქვს, ზაფხულის დადგომასთან ერთად, ლარის კურსი ცოტათი გამყარდება. რამდენად შეძლებს უკან დახევას, რთული სათქმელია, მაგრამ ამის იმედი ყველას გვაქვს“, – განაცხადა ჭირაქაძემ.

banner
წინა სტატიაში,,მდინარის ერთ მხარეს არის ყველა და მეორე მხარეს არის ივანიშვილ-ღარიბაშვილის დუეტი”
შემდეგი სტატია„არსებული მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ქმნის უსამართლო საარჩევნო გარემოს,” – ნინო ლომჯარია