იმედი მაქვს, რომ ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობა ამ სკანდალში არ დადასტურდება

უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი იმედოვნებს, რომ აფრიკაში არასრულწლოვნებზე სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებულ სკანდალში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობა არ დადასტურდება–ამის შესახებ იმერლიშვილმა „რუსთავი 2“-ს იმ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიების სამხედროების მხრიდან ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ქართველი სამხედროებიც მონაწილებდნენ.

იმერლიშვილი ამბობს, რომ ქართული სამშვიდობო მისიის ჯარისკაცების ძირითადი კონტიგენტი აფრიკიდან მარტში გამოვიდა, ამჟამად კი ადგილზე 5 სამხედროა დარჩენილი.„ქართულ მხარეს ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღია. დაწყებულია საერთაშორისო გამოძიება და მე იმედი მაქვს, რომ ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობა ამ სკანდალში არ დადასტურდება. ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს“, – განაცხადა იმერლიშვილმა.ამასთან, უშიშროების საბჭოს მდივანი ამბობს, რომ ოფიციალური შეტყობინების შემთხვევაში, ქართული მხარე საერთაშორისო გამოძიებაში აუცილებლად ჩაერთვება.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ის ინფორმაციით, ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიების სამხედროების მხრიდან ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ქართველი სამხედროებიც მონაწილებდნენ. ტელეკომპანია ამბობს, რომ სკანდალური ინფორმაცია დღეს ფრანგულმა გამოცემებმა გაავრცელეს.

საუბრია 2013 წლის დეკემბრიდან 2014 ივნისამდე პერიოდზე.

„პირველად მომხდართან დაკავშირებით გუშინ The Guardian-მა დაწერა, სადაც საუბარი იყო გაერო-ს საიდუმლო ანგარიშზე, რომელშიც მოძალადეებად ფრანგ სამხედროებს მოიხსენიებდნენ. დღეს კი მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც ფრანგი ჟურნალისტები საკუთარ რესპონდენტებზე დაყრდნობით ქართველი სამხედროების მხრიდან ბავშვებზე განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობენ“, – ნათქვამია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისენაკის საკრებულოში გამგებლის ინპიჩმენტის საკითხი დგას – აცხადებს დეპუტატი ქარდავა
შემდეგი სტატიამინისტრებთან დაკავშირებით განცხადებას თავად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გააკეთებს–თინა ხიდაშელი