ილია მეორე: ხშირია შემთხვევა, როცა ნიჭიერი ადამიანი უმაღლეს სასწავლებელში ვერ ხვდება, მასზე სუსტი კი ხვდება, იმედი არ უნდა დავკარგოთ

ილია მეორე-ქართველ ადამიანს არ აქვს დაღლის უფლება,ღმერთი ადამიანს ჯვარს აძლევს იმის მიხედვით,რამდენის ტარებასაც შეძლებს

ერიდეთ ნარკოტიკებს, ერიდეთ ლოთობას, ერიდეთ ბოროტ საქმეს და ღმერთი გაგიმართლებთ და დაგეხმარებათ, – ამ თხოვნით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ახალგაზრდობას მიმართა.
საკვირაო ქადაგებისას პატრიარქი გამოცდების თემას გამოეხმაურა და ახალგაზრდებს ურჩია, თუკი უმაღლეს სასწავლებლებში ვერ ჩაირიცხნენ, ამის გამო იმედი არ დაკარგონ. პატრიარქი ამბობს, რომ საქართველოს ახალგაზრდობა ნიჭიერია, მაგრამ ნიჭი უნდა გამოვლინდეს.
“დრონი იცვლება და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად. საოცარი დროა, ხდება სიმდიდრის, სიკეთის გადაფასება. ყველაფრის გადაფასება ხდება. ყველაფერი იცვლება. ის, რაც ჩვენს წინაპრებს ბოროტებად, ცოდვად მიაჩნდათ, ცდილობენ გაავრცელონ არასიწმინდე, არასიკეთე, ამ ცვალებადობის დროს ადამიანმა საღი გონება უნდა შეინარჩუნოს. მდინარე მიდის, ხშირია შემთხვევა, როცა ჩვენ მდინარის წინააღმდეგ სვლა გვიხდება. განსაკუთრებით მინდა ჩვენს ახალგაზრდებზე ვისაუბრო. ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ახალგაზრდობა სასოწარკვეთილებაში ვარდება. გამოცდებს აბარებენ და ხშირია შემთხვევა, როცა ნიჭიერი ადამიანი უმაღლეს სასწავლებელში ვერ ხვდება, მასზე სუსტი კი ხვდება და თვითონ ვერ შედის სასწავლებელში. არ უნდა დავკარგოთ იმედი, ცხოვრება მრავალსახოვანია. არ არის აუცილებელი, ადამიანმა უმაღლესი სასწავლებელი დაამთავროს. ადამიანი თვითონ არის თავისი თავის მთავარი მასწავლებელი. არსებობს მრავალი საქმე, მრავალი გზა და ამიტომ თუ არ გამოგივიდათ ერთ სასწავლებელში შესვლა, შედით მეორეში, მეათეში. სცადეთ ფიზიკური შრომა, სოფლის მეურნეობაში მუშაობა. ღმერთი აუცილებლად მოგმადლებთ წარმატებას. მინდა გთხოვოთ ყველას, ერიდეთ ნარკოტიკებს, ერიდეთ ლოთობას, ერიდეთ ბოროტ საქმეს და ღმერთი გაგიმართლებთ და დაგეხმარებათ”, – ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.

banner
წინა სტატიაშილევან კობიაშვილი აქტიურ საარჩევნო კამპანიას ორშაბათიდან იწყებს
შემდეგი სტატიაილია მეორე: როცა უფალს დახმარებას სთხოვთ, არ უნდა შეგეპაროთ ეჭვი