ილია მეორე: ძნელია წარმოვიდგინოთ, ვინ ვიქნებოდით ჩვენ ეკლესიის და ავტოკეფალიის გარეშე

ძნელია წარმოვიდგინოთ ის, ვინ ვიქნებოდით ჩვენ, ჩვენი ეკლესიის და ავტოკეფალიის გარეშე, – ამის შესახებ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პარაკლისის დაწყებამდე განაცხადა.
სიონში უფლისადმი სამადლობელი პარაკლისი მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის დღესთან დაკავშირებით ტარდება.
პარაკლისის დაწყებამდე ტაძარში შეკრებილთ უწმინდესმა ქადაგებით მიმართა. უწმინდესმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნის ისტორია და ავტოკეფალიის აღდგენის ფაქტი გაიხსენა.
“ჩვენი ერის ისტორიაში არის განსაკუთრებული დღეები, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით შევიდა ჩვენს წარსულში, ჩვენს ისტორიაში და რომელსაც ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა სანამ იარსებებს დედამიწა და კაცობრიობა. ეს არის საქართველოს ეკლესია და ჩვენი ერი, ჩვენი ერის მნიშვნელობა ეკლესიაში და ჩვენი ეკლესიის მნიშვნელობა ჩვენს ერში. როდესაც ჩვენ ვდღესასწაულობთ საქართველოს ავტოკეფალიას, ჩვენ არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ, ის, რომ ქართველ ხალხს ესმოდა ავტოკეფალიის მნიშვნელობა თავიდანვე. თუნდაც ის ფაქტი, რომ საქართველოში იყო ჩამოტანილი კვართი უფლისა, თუნდაც ის, რომ საქართველო გახდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი, ეს ყველაფერი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ქართველ ხალხს და პასუხისმგებლობას აკისრებდა ჩვენს ხალხს კაცობრიობის წინაშე. არ შეიძლება არ ითქვას, რომ ავტოკეფალიას ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოს ერის ისტორიაში. ძნელია წარმოვიდგინოთ ის, ვინ ვიქნებოდით ჩვენ ჩვენი ეკლესიის და ავტოკეფალიის გარეშე. ყოველ შემთხვევაში ის არ ვიქნებოდით რაც დღეს ვართ. ჩვენ მადლობას ვწირავთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის, რადგან ღვთის განგებით და ღვთის ბრძანების გარეშე ეს არ მოხდებოდა”, – ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა საუბრისას გაიხსენა ისტორიულად, თუ როგორ ებოძა კათალიკოსობა მამამთავარს. მისივე თქმით, კონსტანტინე დიდმა საქართველოში გამოაგზავნა დიდი სიწმინდეები – ჯვრის ნაწილი და ორი სამსჭვალი, რომლითაც ჯვარს აცვეს უფალი. პატრიარქის განცხადებით, მეხუთე საუკუნეში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვებაში განსაკუთრებული როლი მეფე ვახტანგ გორგასალმა იქონია.
“მეფე ვახტანგ გორგასალი საოცრებაა საქართველოს ისტორიაში. რომელი მეფე, ან ადამიანი იტყვის “ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილს”. შეიძლება ითქვას, რომ ქრისტესთვის სიკვდილი გმირულად, მოთმინებით აიტანოს ადამიანმა, მაგრამ “ეძიებდე ქრისტესთვის სიკვდილს” – ეს თქვა მხოლოდ ვახტანგ გორგასალმა”, – აღნიშნა პატრიარქმა.
მისივე თქმით, პირველი კათოლიკოსის ტიტული მამამთავარ პეტრეს მიენიჭა, ანტიოქიის პატრიარქ პეტრესაგან. ამის მნიშვნელობა ქართველი ადამიანის გონებაში სულ უფრო ძლიერდებოდა. მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისში კი მამამთავარს უმაღლესი ტიტული “პატრიარქი” ეწოდა. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, გამოცდაც ბევრი შეხვდა ქართველ ხალხს.
პატრიარქმა რუსეთის მიერ ავტოკეფალიის გაუქმების ფაქტი გაიხსენა. კერძოდ, პატრიარქის თქმით, 1801 წელს საქართველო კარგავს თავის პოლიტიკურ დამოუკიდებლობას. 1801 წელს, ანტონ მეორე გოდებითა და ტირილით ემშვიდობება სვეტიცხოველს. უწმინდესის განცხადებით, იგი იძულებით წაიყვანეს რუსეთში. “პატრიარქი თითქოს გრძნობდა, რომ საქართველოში ვეღარ დაბრუნდებოდა. სამწუხაროდ, ეს ასეც მოხდა. მისი საფლავი სავარაუდოდ, ნიჟნი ნოვგოროდშია”, – აღნიშნა ილია მეორემ.
უწმინდესმა აღნიშნა, რომ 1917 წელს ქართველი მღვდელმთავრებმა ავტოკეფალიის აღდგენა გადაწყვიტეს.
“რამხელა რწმენა და ნებისყოფა ჰქონდათ იმ დროს, როცა ასეთი არეულობა იყო. ეს მღვდელმთავრები იყო ლეონიდე, ამბროსი, კირიონი, კალისტრატე. მათ გადაწყვიტეს აღედგინათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია”, – აღნიშნა უწმინდესმა.
მისივე თქმით, ავტოკეფალია თავისი თავის პატრონს ნიშნავს და დღეს ჩვენ მუხლს ვიდრეკთ ჩვენი დიდი წინაპრების წინაშე. უწმინდესის თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ პარაკლისი სიონში ტარდება, სადაც პატრიარქები განისვენებენ.
“ყველაფერი ღვთის ძალით ხდება. მადლობა უფალო ძალსა შენსა. მადლობა უფალო შენი მოწყალებისათვის. აი ჩვენ დღეს აღვავლენთ პარაკლისს ჩვენი წინაპრებისა და ეკლესიისათვის. ღმერთი იყოს საქართველოს და ჩვენი ეკლესიის მფარველი”, – ბრძანა უწმინდესმა.

banner
წინა სტატიაშიგია ბარამიძე: მათი უსაქმურობისა და არაკომპეტენტურობის გამო, ქვეყნის ინსტიტუტები დეგრადირდება
შემდეგი სტატიარატომ შეწყდა სამტრედიის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი?