ილია მეორე – ქართველები ცოტა უცნაური ადამიანები ვართ

მორწმუნე ადამიანი არ გაღიზიანდება და მკვლელობას არ ჩაიდენს, არც შეურაცხყოფას მიაყენებს

როცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ღმერთმა დაგვტოვა და არ გვეხმარება, მაშინ ყველაზე ახლოსაა ჩვენთან, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქაშვეთში, წმინდა გიორგის ხსენების დღესთან დაკავშირებით გამართული წირვის შემდეგ, ქადაგებისას ბრძანა.
“ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ, როცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ღმერთმა დაგვტოვა და არ გვეხმარება, მაშინ ყველაზე ახლოსაა ჩვენთან”, – განაცხადა ილია მეორემ.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, წმინდა გიორგი არის საქართველოს სიმბოლო, საქართველოს მფარველი. იგი მუდამ იცავდა, იცავს და მომავალშიც დაიცავს საქართველოს.
“ქართველი ადამიანები ცოტა უცნაური ადამიანები ვართ. ჩვენი დიდებული მეფე, დავით აღმაშენებელი ამბობს, გულზე დამადგით ფეხიო. ასეთი რამ მეფეს კი არა, რიგით ადამიანს არ უთქვამს. მეორე მეფე, ვახტანგ გორგასალი ამბობს: ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა. ესეც არავის უთქვამს. უთქვამთ, რომ წამებას გავუძელი და სხვა რა. მაგრამ შენ რომ ეძებდე სიკვდილს ქრისტესთვის, ეს არაჩვეულებრივი გამოთქმაა. ეს ახასიათებს ქართველ ადამიანს. ამ სიტყვებში ქართული სულია, გონებაა, სულიერებაა”, – ბრძანა პატრიარქმა.
ქადაგებისას კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდა გიორგის წამების ისტორია გაიხსენა და აღნიშნა, რომ იგი იმპერატორმა დიოკლიტიანემ აწამა. როგორც პატრიარქმა განაცხადა, ერთ-ერთი წამების შემდეგ, როდესაც სისხლმდინარი წმინდა გიორგი საკანში შეაგდეს, მას მოესმა მაცხოვრის სიტყვები, შენთან ვარო.
“ეს სიტყვები მუდამ გვესმის მთელი ისტორიის მანძილზე. განსაცდელი ბევრია, მაგრამ ღმერთი, წმინდა გიორგი, ღვთისმშობელი და წმინდანები არიან ჩვენი მფარველები. აღვავლენთ ლოცვებს, რათა ჩვენი განსაცდელი სიხარულით შეიცვალოს, ვევედრებით მამაზეციერს, რომ წმინდა გიორგის ლოცვით ღმერთმა ყველა გაჭირვებულ ადამიანს უშველოს”, – ბრძანა პატრიარქმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი მისი გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს
შემდეგი სტატიაპატრიარქმა გიორგობის დღესასწაული პრეზიდენტსა და მთავრობის წევრებს მიულოცა