ილია მეორე: უნდა გახსოვდეთ, რომ ამერიკაში დროებით ხართ, თქვენი სამშობლო საქართველოა

საქართველოს ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი როსენ პლევნელიევი ეწვი

თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ ამერიკაში დროებით ხართ, თქვენი სამშობლო საქართველოა, – ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში სტუმრად მყოფ ქართველ ემიგრანტ ბავშვებს, რომლებიც ამერიკიდან ჩამოვიდნენ.
საპატრიარქოში მიღებაზე ქართული კულტურის ცენტრ “ფესვების” 47 აღსაზრდელი იმყოფებოდა. პატარებმა პატრიარქთან სტუმრობისას ქართულად სიმღერები შეასრულეს, იცეკვეს, დასაწყისში მათ ანა კალანდაძის ლექსზე შექმნილი სიმღერა “საქართველოო, ლამაზო” იმღერეს.
“თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი სამშობლო საქართველოა. მე ძალიან გამეხარდა, რომ თქვენ ამ სიმღერით დაიწყეთ – “საქართველოო ლამაზო”. “როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა”, თქვენ ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ გამოადგეთ სამშობლოს. თქვენ გახსოვთ კენედიმ რა თქვა, “ჩვენ ვფიქრობთ იმის შესახებ, სამშობლომ რა უნდა გაგვიკეთოს ჩვენ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, ჩვენ რა უნდა გავუკეთოთ სამშობლოს”. აი, თქვენ უნდა ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ გამოადგეთ სამშობლოს. მე არაერთხელ ვყოფილვარ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს დიდი ქვეყანაა, მდიდარი ქვეყანაა, თავისუფალი ქვეყანაა. ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანები და უნდა დავრჩეთ მართლმადიდებლებად, ჩვენ გადაგვარჩინა ჩვენმა ეკლესიამ. ეკლესია რომ არ ყოფილიყო, ქართველი ხალხი ვერ გადარჩებოდა”, – აღნიშნა პატრიარქმა.
უწმინდესმა პატარები დალოცა. პატარებმა სახსოვრად პატრიარქს საჩუქრებიც გადასცეს.
შეხვედრაზე ბავშვებთან ერთად იმყოფებოდნენ ქართული კულტურის ცენტრ “ფესვების” დამფუძნებელი შორენა ბარბაქაძე, საქართველოს ქალთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ნინო ქოჩიაშვილი და დები ჭოხონელიძეები.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას შორენა ბარბაქაძემ განაცხადა, ქართული კულტურის ცენტრ “ფესვებთან” არსებობს ამავე სახელწოდების სტუდია და ანსამბლი “ფესვები”. ანსამბლი 2001 წელს დაარსდა. სტუდიაში სულ 110 აღსაზრდელი ქართულ ხალხურ, საესტრადო სიმღერებსა და ცეკვებს სწავლობს, ასევე ქართულ ინსტრუმენტებზე დაკვრას, ქართულად წერა-კითხვას, ხატვას და სხვა. ანსამბლის წევრები 12 ივლისს გრიბოედოვის სახელობის თეატრში საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ, სიადანაც შემოსული თანხა სტიქიით დაზარალებულ ბავშვებს მოხმარდება. ანსამბლი “ფესვები”, თბილისის გარდა, კონცერტებს საქართველოს რამოდენიმე ქალაქში გამართავს.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული აქამდე უცნობი დეტალები დღეს გასაჯაროვდება
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის ადმინისტრაცია: კანონპროექტი ნეიტრალურ, დამოუკიდებელ პროკურატურას ვერ უზრუნველყოფს