ივანიშვილს არასამთავრობო ორგანიზაციები თავდასხმაში ადანაშაულებენ

არსამთავრობო ორგანიზაციები ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებენ და ყოფილ პრემიერმინისტრს მოუწოდებენ, რომ შეწყვიტოს არასამთავრობო ორგანიზაციების დაუსაბუთებელი კრიტიკა და ლანძღვა.

ამ მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც წერია, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადებები სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციისკენ მიმართული ქმედებაა.

არასამთავრობოები ფიქრობენ, რომ გარდა დაუსაბუთებლობისა ბიძინა ივანიშვილის განცხადებები აღიქმება როგორც ბიძგი თანამდებობის პირებისათვის და პოლიტიკოსებისათვის, იგივე რიტორიკით მოიხსენიონ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

სამოქალაქო სექტორის წარმნომადგენლების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი განცხადებები და ქმედებები ხელს შეუშლის ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებსა და სისტემურ პრობლემებზე საზოგადოების ყურადღების გამახვილებას.

„ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია, გარკვეულ მომენტებში, შესაძლოა, დაემთხვეს სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მოსაზრებას, ჯერ კიდევ არ ნიშნავს მათ მიკერძოებულობას. ასე რომ იყოს, მოგვიწევდა უარი გვეთქვა იმ კამპანიებსა და ინიციატივებზე, რომლებსაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ვახორციელებდით. იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, ყოფილი პრემიერის განცხადებები არ იქნება აღქმული მითითებად და ისინი, კანონისა და დემოკრატიის მოთხოვნების შესაბამისად, იქონიებენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსტრუქციულ, შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას,“ – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

განცხადებას ხელს საქართველოში მოქმედი 30 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი ღარიბაშვილის კადრებს თავისით ანაცვლებს
შემდეგი სტატია„სოსანაშვილის ვერსია არის აბსურდი“ – ირაკლი შოთაძე