ივანიშვილი აღიარებს, რომ ქიბარ ხალვაშს დახმარებას დაპირდა

ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ რუსთავი 2-ის არცერთ მფლობელთან ურთიერთობა არ აქვს და ტელეკომპანიისთვის დავის პროცესში არ მონაწილეობს.

ივანიშვილის თქმით, ის დავით დვლას მხოლოდ ერთხელ შეხვდა და მეცხრე არხის დირექტორობა შესთავაზე, თუმცა მისგან უარი მიიღო. „მაშინ ცუდად დავშორდით“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ერთხელ შეხვდა ქიბარ ხალვაშსაც გერმანიაში, როდესაც დაჰპირდა დახმარებას, თუმცა არ მოხერხდა.

„მე აღვუთქვი მას დახმარება, მაგრამ საუბედუროდ ვერ შევძელით. მე რამდენადაც ვიცი ის პროკურატურაში დადიოდა ძირითადად, პროკურატურამ ეს ვერ მოახერხა და სასამართლოს მიმართა“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, არავინ საუბრობს, რომ რუსთავი 2 დაიხურება და გაუგებარია, რატომ არის აჟიოტაჟი ატეხილი.

„არცერთი განცხადება არ გაუკეთებია ხალვაშს, რომ ტელევიზია იხურება“, – თქვა ყოფილმა პრემიერმა.

ივანიშილმა ასევე განაცხადა, რომ მისთვის ტრაგედია იქნებოდა სახელმწიფო ტელეკომპანიების არსებობა. რუსთავი 2-ის მფლობელის კი მისი აზრით მნიშვნელოვანი არ არის. ივანიშვილის თქმით, ნაციონალურ მოძრაობას საკმარისი „ფულის მარაგი აქვს, რაც დაიტაცეს ქვეყნიდან“ და „ახალი ტელევიზიის გახსნა მათთვის პრობლემა არ იქნება“.

banner
წინა სტატიაში,,რატომ არიან ასეთ ისტერიკებში? ნაძარცვის შენარჩუნებას ხომ არ ცდილობენ?“
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: ვინ არის გვარამია? ეს არის მენეჯერი, მესაკუთრე არ არის