იან კელი და მისი მეუღლე გააგრძელებენ აშშ-საქართველოს დინამიურ ურთიერთობებს იმ წერტილიდან, სადაც მე და მერი გავჩერდებით

ჩემი შემცვლელი, ელჩი იან კელი და მისი მეუღლე ფრანჩესკა გააგრძელებენ აშშ-საქართველოს დინამიურ ურთიერთობებს იმ წერტილიდან, სადაც მე და მერი გავჩერდებით, – ასე მიმართა საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანმა ამერიკის დაბადების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს.
მისივე განმარტებით, მდიდარია იმ მეგობრების გამო, რომლებიც წარმოუდგენლად მდიდარი და მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ამ უძველეს ქვეყანაში შეიძინა.
“ძვირფასო პრემიერ მინისტრო, ძვირფასო მინისტრებო, ძვირფასო კოლეგებო, ძვირფასო მეგობრებო, დიდი მადლობა, რომ ამერიკის დაბადების დღეს ჩვენთან ერთად აღნიშნავთ. დიდი მადლობა თქვენი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის აშშ-საქართველოს ურთიერთობების გამტკიცების საქმეში.
მოკლე სიტყვა მექნება, რადგან გულში შერეული ემოციები მაქვს _ საქართველოში ამერიკის ელჩის რანგში ჩემთვის ეს უკანასკნელი 4 ივლისია. აღფრთოვანებული ვარ, რამდენად გრძელი გზა განვლო საქართველომ დემოკრატიის აღმშენებლობის გზაზე არა მხოლოდ 22 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საქართველოს პირველად ვესტუმრე, არამედ იმ უკანასკნელ სამ წელიწადშიც, რაც მე და მერი აქ ვართ.
ძალიან მდიდარი ვარ იმ მეგობრების გამო, რომლებიც წარმოუდგენლად მდიდარი და მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ამ უძველეს ქვეყანაში შევიძინეთ.
რა საკვირველია, გული გვწყდება საქართველოს დატოვების გამო, მაგრამ მოუთმენლად ველით სახლში დაბრუნებას, სადაც შვილებთან და შვილიშვილებთან უფრო ახლოს ვიქნებით, თუნდაც ცოტა ხნით და სადაც 12 სექტემბერს ჩვენი ქალიშვილის დაქორწინებას ავღნიშნავთ.
კარგად მესმის ჩვენი გამგზავრებისას საქართველო კვლავ მრავალი გამოწვევის წინაშე რჩება: რეგიონში უსაფრთხოების არასტაბილური გარემოა, რომელსაც ემატება შიდა და საერთაშორისო ეკონომიკური და პოლიტიკური გაურკვევლობა, რომლის მოგვარებაც მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლებმა უნდა სცადონ”, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
საქართველოში აშშ-ის ელჩის თქმით, გული წყდება, რომ სოხუმსა და ცხინვალში დაბრუნების საშუალება არ მიეცა.
“გული მწყდება, რომ არ მომეცა საშუალება, დავბრუნებულიყავი ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე ულამაზეს მთებში, ან სოხუმში, რომელსაც 1993 წელს, აქ მუშაობისას ვსტუმრობდი ხოლმე. ჩემი გულწრფელი სურვილია, რომ ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს მიეცეთ შანსი, რომელსაც იმსახურებენ ერთად იცხოვრონ კეთილდღეობასა და მშვიდობაში იმ მიწაზე, რომელიც მათთვის საზიაროა.
მართალია, შერეულ ემოციებს ვგრძნობ, მაგრამ ერთი რამ ნათელია: დღეს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გვერდში დგას ისევე მტკიცედ, როგორც 24 წლის წინ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენისას. როცა თქვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას კითხვის ქვეშ აყენებენ, ჩვენ თქვენ გვერდში ვართ. როცა წყალდიდობა გიტევთ, ჩვენ თქვენ გვერდში ვართ. როცა თქვენი შეიარაღებული ძალები გაძლიერებასა და განახლებას საჭიროებს, ჩვენ თქვენ გვერდში ვართ ზუსტად ისე, როგორც თქვენ ჩვენ გვერდში ხართ ბრძოლის ველზე და იჩენთ სიმამაცესა და გმირობას. როცა თქვენ შვილებს განათლების მიღება და სამუშაო ადგილები სჭირდებათ, ჩვენ თქვენ გვერდში ვართ. თქვენ გვერდით არიან თქვენი მეგობრები ევროპაში, შორეულ აღმოსავლეთში და სხვაგან”, – აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.
რიჩარდ ნორლანდის შეფასებით, საქართველოს საკვანძო ადგილი უჭირავს ახალ ძალისხმევაში, აღდგეს აღმოსავლეთ-დასავლეთის კავშირები ევრაზიის მასშტაბით.
“სიამაყით ვთანამშრომლობთ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოსთან ამ ახალი შესაძებლობების ასამუშავებლად ზუსტად ისე, როგორც სიამაყით ვთანამშრომლობთ მასთან გლობალური უსაფრთხოების განსამტკიცებლად. ჩემი შემცვლელი, ელჩი იან კელი და მისი მეუღლე ფრანჩესკა გააგრძელებენ ამ დინამიურ ურთიერთობებს იმ წერტილიდან, სადაც მე და მერი გავჩერდებით. მას ამ საელჩოში შესანიშნავი პროფესიონალების გუნდი დახვდება. რთულია, საკმარისი მადლიერება გამოხატო ჩემი ამერიკელი კოლეგების მიმართ, რომლებიც აშშ-ის მთავრობის სხვადასხვა უწყებებს წარმოადგენენ, ისევე, როგორც ერთგული ადგილობრივი თანამშრომლების მიმართ, რომელთა მრავალწლიანი გამოცდილება და მხარდაჭერა სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი მისიისთვის.
მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და ჩემ მეუღლე მერის მადლობა გადავუხადო მისი მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის. მისი რჩევები ყოველთვის ძალიან საჭირო იყო ჩემთვის. რაც მიგაჩნიათ, რომ ამ სამი წლის განმავლობაში კარგად გავაკეთე, მისი დამსახურებაა. რაც არასწორად გავაკეთე, პირადად ჩემი ბრალია.
მივმართავ ჩვენ მეგობრებს საქართველოს ყველა კუთხიდან. წინასწარ გიხდით მადლობას, რომ იანსა და ფრანჩესკას მსოფლიოში განთქმულ ქართულ მასპინძლობას გაუწევთ, ზუსტად ისე, როგორც ეს გვაგრძნობინეთ მე და მერის და ყველა ამერიკელ თანამშრომელს ჩვენ საელჩოში.
გისურვებთ წარმატებას უფრო მტკიცე, უფრო აყვავებული, უფრო უსაფრთხო ქართული სახელმწიფოს შექმნაში. გთხოვთ გახსოვდეთ, სადაც არ უნდა ვიყოთ, საქართველოს მცირე ნაწილი მუდამ ჩემი და მერის გულში დარჩება. და ვიდრე კიდევ ერთხელ შევხვდებით ერთმანეთს: საქართველოს გაუმარჯოს”, – აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

banner
წინა სტატიაში“ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის გზაზე ამერიკის მხარდაჭერა არის მართლაც ფასდაუდებელი”
შემდეგი სტატიაპირველი ნახევრის შემდეგ ბათუმის “დინამო” იგებს, თბილისის “დინამო” კი მეტოქეს ვერ ამარცხებს