იანვარ-აგვისტოში, რუსეთის მიმართულებით მგზავრთა ნაკადი 92 პროცენტით გაიზარდა

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს, საქართველოში ტურისტული ნაკადის ზრდა და საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადის მატება დაფიქსირდა. კერძოდ, როგორც ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების მიერ გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობამ 1.501.748 შეადგინა, რაც, მისი განმარტებით, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას 10%-ით (1.365.213 მგზავრი) აღემატება.
ამასთან, მინისტრის თქმით, გაზრდილია უშუალოდ თბილისიდან რუსეთის მიმართულებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაც.
მისი ინფორმაციით, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში აღნიშნული მიმართულებით მგზავრთნაკადი გაიზარდა 92 პროცენტით.
“მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ორი ქვეყნის ავიაკომპანიების მიერ ჯამში 179.602 მგზავრია გადაყვანილი. რაც 84 პროცენტით (81 776 მგზავრით) მეტია 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით. უფრო კონკრეტულად, თბილისი-მოსკოვის მიმართულებით რეისებს ოთხი კომპანია ახორციელებს. ყველაზე მეტი მგზავრი – 52 436 გადაყვანილი ჰყავს ქართულ გადამზიდავს – “ჯორჯიან ეარვეიზს”, მეორე ადგილზეა “სიბირის” ავიახაზები” 50 516 მგზავრით, მესამეზე კი – “აეროფლოტი” 47 899 მგზავრით, ყველაზე ნაკლები _ 28 751 მგზავრი გადაყვანილი ჰყავს “ტრანსაეროს”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, სახეზე გვაქვს იმ სწორი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც საქართველოს მთავრობა წლის დასაწყისში აქტიურად უწევდა პროპაგანდას და, რისი გათვალისწინებითაც გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღო. ამასთან, ქუმსიშვილის თქმით, შედეგში აისახა ის კამპანიებიც, რომლებიც მიზნობრივ ბაზრებზე იქნა განხორციელებული.
“ჩვენი გადაწყვეტილებების შედეგად, 15 პროცენტით გაიზარდა რუსეთიდან ვიზიტორების რიცხვი და 2015 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში შეადგინა 642 934 ვიზიტორი. ამავე პერიოდში მათმა მთლიანმა დანახარჯმა ჩვენი ქვეყნის ეეკონომიკაში შეადგინა 756 733 318 ლარი”, – განმარტა ეკონომიკის მინისტრმა.
ასევე, ქუმსიშვილის ინფორმაციით, რუსეთის გარდა, მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი – 64 პროცენტიანი ზრდა (54 559 მგზავრი) ფიქსირდება არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით, 32-პროცენტიანი ზრდა (67 474 მგზავრი) ისრაელის მიმართულებით და 21 პროცენტით (33 649 მგზავრი) ყაზახეთის მიმართულებით.

banner
წინა სტატიაში„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“ვაპირებთ, გავცეთ ნებართვა” – გიგლა აგულაშვილი ხუდონჰესზე საუბრობს