„თუ პროკურატურას რამის თავი აქვს და საქმე უკვე გამოძიებულია, დადონ გამოძიების შედეგები“

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის შეფასებით, ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით, განხილვები ზნეობრივ და ადამიანურ ჩარჩოებს გასცდა.

„არა მგონია, რომ ამ თემაზე საერთოდ უნდა გაგრძელდეს ეს ზღვარგადასული განხილვები. თუ რამის თავი აქვს პროკურატურას, უკვე კარგა ხანია, გვეუბნებიან, რომ საქმე გამოძიებულია, გახსნილია და ყველაფერი ნათელია. მაშინ დადონ შედეგები. თუ არა, მე ვფიქრობ, რომ უკვე ეს საკითხი გავიდა არა მარტო პოლიტიკური, არამედ ზნეობრივი და ადამიანური ჩარჩოებიდან“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ”რუსთავის 2”-მა ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს იმ დასკვნის კიდევ ერთი ნაწილი გაასაჯაროვა, რომელიც ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის საქმეზე მომზადდა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, დასკვნები 2005, 2006 და 2007 წლებით თარიღდება და მათში დეტალურად არის აღწერილი შემთხვევის ადგილი, ყველა ნივთი და ყველა ნივთიერება, რომელიც გამომძიებლებმა ბინაში აღმოაჩინეს.

დასკვნის მიხედვით, ნივთმტკიცებულებები დეტალურად არის აღრიცხული და დანომრილი. დოკუმენტში ასევე მითითიებულია, რომ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის დნმ-ის კვალი რამდენიმე განსხვავებული ტიპის ნივთზეა აღმოჩენილი. მათ შორის არის არა მარტო ჭიქა და სიგარეტის ნამწვავი. დნმ-ის კვალი ასევე აღმოჩენილია ხალათებსა და ზეწარზეც.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს სვლა ევროპისკენ დაიწყო იმ წამს, როცა საქართველომ თავი დააღწია საბჭოთა იმპერიას”
შემდეგი სტატია“იოტისოდენა საფუძველიც არ მაქვს იმისა, ეჭვი შევიტანო იმაში, რომ ეს არის უბედური შემთხვევა”