“თუ პირდაპირი განკარგვის უფლება არ გვექნება, ოჯახებისთვის ბინების გადაცემას, ვერ შევძლებთ”

დიმიტრი ქუმსიშვილმა

თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი იმ მაგალითებზე საუბრობს, რომელიც მუნიციპალიტეტს პირდაპირი განკარგვის უფლების დადებით მხარეს ასახავს.

როგორც ქუმსიშვილი აცხადებს, იმ ოჯახებზე, რომლებიც გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან, ბინების გადაცემას ვერ მოახერხებენ, თუ მუნიციპალიტეტს პირდაპირი განკარგვის უფლება არ ექნება.

“მინდა მაგალითები მოვიყვანო, თუ რატომ სჭირდება მუნიციპალიტეტს პირდაპირი განკარგვა. არ დავასახელებ საინვესტიციო პროექტებს, თუმცა გეტყვით, რომ ახლა ორი საინვესტიციო პროექტია, მათგან ერთი დასრულდა, მეორე კი მიმდინარეობს. ერთ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტს უნდა გადმოეცეს 5 ათასი კვ.მ ბინები, მეორეს შემთხვევაში მოლაპარაკება მიმდინარეობს, თუ რა პროპორციის ბინები უნდა გადმოეცეს. ამ ბინების განკარგვას ჩვენ ვფიქრობთ იმ ოჯახებზე, რომლებიც დღეს გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან და სახლები ენგრევათ. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი პირდაპირი განკარგვის უფლება არ გვექნება, ასეთ პროექტებს ვერ განვახორციელებთ. თქვენთვის კარგად ცნობილია, რომ დღეს თბილისში საბინაო ფონდი საკმაოდ მოძველებულია, თბილისის მუნიციპალიტეტს აქვს დამუშავებული პროგრამა, რომლის მიხედვითაც, უნდა მოხდეს დაზიანებული საბინაო ფონდის აღდგენა, თუმცა აღნიშნული პროგრამების განხორციელება შეუძლებელი იქნება, ზუსტად ასეთი საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე”,- განაცხადა თბილისის ვიცე მერმა.

ქუმსიშვილის განმარტებით, პირდაპირი განკარგვის ნაწილში არსებობს სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლის აღსრულებასაც მუნიციპალიტეტი ვერ ახერხებს, რადგან კანონში მსგავსი განკარგვის ფორმა არ არსებობს.

“გამოტანილია სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ამბობს, რომ შენ, როგორც მუნიციპალიტეტი, ვალდებული ხარ ვიღაცას რაღაც მისცე, რადგან მას ეს ეკუთვნოდა. მუნიციპალიტეტი ამას ვერ აკეთებს, რადგან კანონში მსგავსი განკარგვის ფორმა არ გაქვს. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად გამჭვირვალე პროცესით შემოგვაქვს კანონში ცვლილება”,- განაცხადა ქუმსიშვილმა.

“ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, დედაქალაქის მთავრობა გარკვეულ გადაწყვეტილებებს საკრებულოსთან შეთანხმების გარეშე მიიღებს. ეს ძირითადად თბილისის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროს ეხება, სადაც თბილისის აღმსარულებელი ორგანოს ავტონომიურობა იზრდება.

banner
წინა სტატიაში„არ არის სასიამოვნო ფაქტი, რომ ეკონომიკური ზრდის 5%-იანი პროგნოზი რამდენიმე დღეში 2%-იანით იცვლება“
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა 226 მსჯავრდებული შეიწყალა