“თუ გადაცემა არ გეყოთ, ის მზადაა, გაუბედურებული საქართველოს ბიუჯეტით 200 სერიანი ფილმი დააფინანსოს”

საქართველო ახლა ჩამოვარდნილია რადარებიდან

საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს “გული უკვდებამ იმაზე რაც ხდება საქართველოში, როდესაც გაჩერებულ ეკონომიკასა და დაპაუზებულ ქვეყანას ხედავს”.

როგორც სააკაშვილმა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე ვიდეოჩართვისას განაცხადა, ქვეყანა უფსკრულამდე ბიძინა ივანიშვილმა მიიყვანა, რომელიც ცდილობს ხალხს დააჯეროს, რომ ყველაფერი კარგადაა და ამისთვის საკუთარი გადაცემაც გააკეთა.

“გული მიკვდება, რომ საქართველოში იხურება ყოველ დღე საწარმოები, მაღაზიები, სასტუმროებიც კი. როგორ გარბიან ყოველდღიურად ინვესტორები, ჩერდება მშენებლობები, ის დიდი პროექტები, რომლებიც მსოფლიო ბრენდებად ვაქციეთ და რომლითაც ყველანი ერთად, დამსახურებულად ვამაყობდით. საქართველო დაპაუზებულია და ეს გაჩერება სამწუხაროდ, ერთი და იგივე დროს აჩვენებს – 2012 წლის 1 ოქტომბერს. გული მიკვდება იმაზე, რომ ლარის კურსი, რომელიც როცა შევარდნაძისგან დანგრეული საქართველო ჩავიბარეთ, დაახლოებით დღევანდელ დონეზე იყო და რომელმაც ჩემი მმართველობის დროს რუსეთის სრულმასშტაბიან შემოჭრას და ოკუპაციას გაუძლო, ასეთ მდგომარეობაშია. გული მიკვდება, რომ კრიმინალი დაბრუნდა ქუჩებში, როდესაც ძველი ბიჭები საქმეებს არჩევენ და აკონტროლებენ სიტუაციებს ეზოებში, სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში. გული მიკვდება, რომ ჩვენს პოლიციას აბუჩად იგდებენ. გული მიკვდება იმაზე, რომ როდესაც ამას წინათ კრიმინალმა პოლიციელი მოკლა და მთავრობამ ის საზღვარზე გადააპარა, მეორე პოლიციელი, რომელმაც ამ დანაშაულის კადრები ამოიღო, ხელისუფლებამ ამ დღეებში კრიმინალად გამოაცხადა და დაპატიმრებით დაემუქრა. ანუ ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც მფარველობს კრიმინალს და ებრძვის სიმართლეს”, – განაცხადა სააკაშვილმა.

ექსპრეზიდენტის თქმით, საქართველო დღეს უფსკრულისკენ მიექანება და ამას უკლებლივ ყველა გრძნობს და ხედავს, ვისაც თვალები აქვს, ვისაც გაგონება შეუძლია და ვინც მთავრობაში არ მუშაობს და პრემიებს არ იწერს.

“უფსკრულისკენ ჩვენ მიგვაქანებს ერთი რუსი ოლიგარქი, რომელიც წამოსკუპებულა თქვენი შეკრების ადგილის ზემოთ, სასახლეში, დამცინავად დაგყურებთ ზემოდან ქვემოთ და გეუბნებათ ყველაფერი კარგადაა და მარტო თქვენ არ გყოფნით განვითარება, ჭკუა და გონება, რომ შეაფასოთ რამხელა სიკეთეში ცხოვრობთ, რამდენად კომფორტულად და კარგადაა მოწყობილი თქვენი ცხოვრება და აპირებს გასწავლოთ სწორად დანახვა, გაგება, ისე როგორც მას უნდა. თუ მისი გადაცემა არ გეყოთ ამ ყველაფრის გასაგებად, ის მზადაა, გაუბედურებული საქართველოს ბიუჯეტით დააფინანსოს 200 სერიანი ფილმი, სადაც კიდევ უფრო დეტალურად, ყოველ საღამოს აგიხსნიან, რა საამურია ცხოვრება და რა კატასტროფა იყო წინა წლების მმართველობა და ის წინსვლა, ენერგია, რომელიც მაშინ ყველას გვამოძრავებდა. თუ თქვენი ნებით არ უყურებთ მას, მაშინ მზადაა, ძალით ჩასვან ავტობუსებში ბავშები, ჩაკეტონ დარბაზში და აყურებინონ 200-ვე სერია, ამ მონტაჟზე, სიცრუეზე და სიყალბეზე აგებული კადრების და საბოლოოდ ჩაუბეჭდონ ის ტყუილები, რომლითაც საზოგადოებას კვებავდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. მაგრამ ამასობაში ქვეყანა ღარიბდება. ოჯახები ისევ წელში ტყდებიან, საქართველო დაჩოქვისკენ მიდის”, – განაცხადა ექსპრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშინაციონალური მოძრაობა პარლამენტში მთავრობის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს
შემდეგი სტატია„ეს ხელისუფლება განწირულია“