„თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“

2 ივლისს საქართველოს თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი ეწვევა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, აღნიშნული ვიზიტი საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე სერიოზულად აისახება.

საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, თურქმენეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დოკუმენტი გაფორმდება. მისი შეფასებით, აღნიშნული ვიზიტი ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას.

„ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ საერთაშორისო არენაზე კიდევ უფრო მკაფიოდ იქნას საქართველოს გეოპოლიტიკური როლი წარმოჩენილი, რაც გულისხმობს იმ დერეფნის წინ წამოწევას, რასაც ჰქვია ევროპის და აზიის დამაკავშირებელი დერეფანი. ამ სტრატეგიული ხაზის ფარგლებში, ხვალ საქართველოს თურქმენეთის პრეზიდენტი ეწვევა. ეს არის მისი პირველი ვიზიტი საქართველოში. ეს იქნება მართლაც დიდი მნიშვნელობის სახლემწიფო ვიზიტი, რომელიც მიზნად ისახავს შეხვედრებს, საუბრებს და მოლაპარაკებებს ყველა იმ თემატიკაზე, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების, ასევე გეოპოლიტიკური როლის განვითარებისთვის. უპირველეს ყოვლისა, აქცენტი გაკეთდება ეკონომიკაზე, ენერგოდერეფანზე. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შესაბამისი დოკუმენტების გაფორმება, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებას სატრასპორტო, ეკონომიკურ, საფინანსო და სხავადსხვა სფეროებში. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული ვიზიტი საკმაოდ სერიოზულად აისახება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე“, – განაცხადა ფხალაძემ.

თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები ასევე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთანაც.

banner
წინა სტატიაში500 ლარის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავეს
შემდეგი სტატიასამარშუტო ტაქსის 14 მძღოლს ხაზზე მუშაობა აეკრძალა