თურქეთში აფხაზეთის მთავრობის დელეგაციის პირველი ოფიციალური ვიზიტი შედგა

თურქეთს, პირველი ოფიციალური ვიზიტით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაცია ეწვია.
როგორც “თაიმერს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, 22 წლის განმავლობაში ეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაციის პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.
დელეგაცია, თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სამინისტროს ორმხრივ პოლიტიკურ საკითხთა გენერალურ დირექტორს, შეფიქ ვურალ ალთაის შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრები გაიმართა ასევე თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან და თურქეთის პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში არსებული საზღვარგარეთ მცხოვრებ თურქთა და მონათესავე ერთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელობასთან, სადაც კონკრეტული პროექტების განხორციელების გეგმა დაისახა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან.
ქალაქ ინეგოლში შედგა დელეგაციის შეხვედრა საქართველო-თურქეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ჰუსეინ შაჰინთან, ინეგოლის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ქალაქის მერთან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ასევე შეხვდა ქალაქ საქარიას გუბერნატორს, საქარიის უნივერსიტეტის რექტორს, სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს, ქალაქ ქოჯაელი/იზმითის მერს, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, ქალაქ სტამბოლის ქართალის რაიონის მერს. შეხვედრები გაიმართა ისტორიული ქართული და აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებთან.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაცია ანკარაში საქართველოს საელჩოს ესტუმრა, სადაც აფხაზეთის ომის 22-ე, ხოლო რუსეთ-საქართველოს ომის შვიდი წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება შედგა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული გამოფენები: “დევნილები ფოტოკამერაში” და “კულტურული მემკვიდრეობა ოკუპაციის ქვეშ”. ამასთან ერთად, საელჩოს ორგანიზებით აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველი ვიდეო ინსტალაცია მოეწყო.
ანკარაში საქართველოს საელჩოს მიერ გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ – თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების წარმომადგენლები, ანკარაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, თურქეთის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, თურქეთში მცხოვრები ქართული და აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები.
სამინისტროს ინფორმაციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაციის ვიზიტი ფართოდ გაშუქდა თურქეთის ცენტრალური თუ ადგილობრივი ტელევიზიებისა და პრესის მეშვეობით.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი ფოლკსვაგენის ფონდის გენერალურ მდივანს შეხვდა
შემდეგი სტატიავიცე-მერმა “ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნა უკომენტაროდ დატოვა