“თუკი „ნაციონალური მოძრაობა“ ლეგიტიმურად არ დაისჯება, ამას ხალხი აღასრულებს!”

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე უკრაინულ მედიაში გავრცელებულ წამების ამსახველ ვიდეომასალას ეხმაურება.

ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე და დამკვეთი პირები უმოკლეს ვადაში უნდა დაისაჯონ და პასუხისგებაში მიეცნენ.

„ეს არის „ქართული ოცნების” ბოლო შანსი. „ქართული ოცნება” უნდა გადავიდეს სამართლებრივად სწორი შეფასების რეჟიმში, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ” ჩაიდინა დანაშაული საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ. „ნაციონალური მოძრაობა” სპობდა, კლავდა, აუპატიურებდა და აწამებდა საკუთარ მოქალაქეებს. „ქართულმა ოცნებამ” უნდა დასაჯოს ის ადამიანები, ვინც ამ მეთოდოლოგიას უკვეთდა. ამ მეთოდოლოგიის უკან მთელი ინსტიტუცია მოიაზრება, კარგად სტრუქტურიზებული მაფია, დანაშაულებრივი სინდიკატი. „ნაციონალური მოძრაობა” გადადის შეტევაზე და აპირებს, რომ „რუსთავი 2″-ის დაცვის საბაბით შეიკრიბოს ღია ცის ქვეშ, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლებები. დიდი ბოდიში, მაგრამ ჩვენი, საზოგადოების კონსტიტუციური უფლებაც არის, რომ შევწყვიტოთ ის წყარო. ხელისუფლების განხორციელების წყარო არის ხალხი. ჩვენ, საზოგადოებას გვაქვს სრული უფლება, გადავკეტოთ ეს წყარო. ასე რომ, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, გადავიდეთ იმ რეჟიმში, რომ რასაც არ გააკეთებს და აღასრულებს „ქართული ოცნება”, შეიქმნას საგანგებო კოალიცია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი „ნაციონალური მოძრაობის” სახით იყოს დასჯილი. ამას განვახორციელებთ ნებისმიერი ხერხისა და გზის გამოყენებით. თუკი ეს არ აღსრულდება ლეგიტიმურად, ამას აღასრულებს ხალხი”, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

უკრაინულმა ვიდეპორტალმა tube.ua-მ, სკანდალური ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც საქართველოს წინა ხელისუფლების დროს გადაღებული წამებისა და გაუპატიურების კადრებია ასახული.

ვიდეომასალაში ჩანს, რომ დაკავებულ პირებს აწამებენ და აუპატიურებენ, რის შემდეგაც, მათგან აღიარებით ჩვენებებს იღებენ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

უწყების განმარტებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელებას ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნების” შეხვედრას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა
შემდეგი სტატია“მიშა სააკაშვილს “რუსთავი-2″-ს არ დავახურინებ!”