თსუ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტთა 5%-ში მოხვდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტთა 5%-ში მოხვდა. ამის შესახებ დღეს უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ უნივერსიტეტში ორი წლის მუშაობის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.
ვლადიმერ პაპავამ მისი რექტორობის პერიოდში უნივერსიტეტში განხორციელებულ სიახლეებზე, ინოვაციებზე და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა. რექტორმა მთავარი სიახლეებიდან გამოყო ის, რომ თსუ კვლავ რჩება საქართველოში უნივერსიტეტებს შორის ლიდერთა შორის. რექტორის განცხადებით, ამას აფასებენ თავად აბიტურიენტები და მათი მშობლები. კერძოდ, 39 000 აბიტურიენტიდან 10 000 აბიტურიენტმა პირველი ადგილი თსუ-ს მიანიჭა ეროვნულ გამოცდებში უნივერსიტეტების შემოხაზვის დროს. წელს უნივერსიტეტმა 3 600-მდე სტუდენტი მიიღო, მათგან 80%-ს სახელმწიფო გრანტი აქვს. ვლადიმერ პაპავას ინფორმაციით, უნივერსიტეტში ეროვნული გამოცდების კომპეტენციის ზღვარი უფრო მაღალია, ვიდრე სხვა უნივერსიტეტებში და მაღალი ქულის მქონე სტუდენტები ირიცხებიან.
მიღწევათა შორის რექტორმა ასევე დაასახელა ე.წ. გრაკლიანის გორაზე ახალი არტეფაქტის აღმოჩენა, რომელმაც შეიძლება მსოფლიო დამწერლობის გარკვეული ეტაპის გადახედვა გამოიწვიოს და ეს აღმოჩენა პროფესორ ვახტანგ ლიჩელს და უნივერსიტეტის სტუდენტების ჯგუფს ეკუთვნის.
ვლადიმერ პაპავამ ასევე ისაუბრა საერთაშორისო რეიტინგების შესახებ, რომლითაც უნივერსიტეტი გამორჩეულია. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ არსებობს სარეიტინგო სააგენტო, რომლის ელექტრონულ ბაზაში დაახლოებით 24 000-მდე უნივერსიტეტია თავმოყრილი. პაპავას თქმით, მარტში გამოქვეყნებული ამ რეიტინგების თანახმად, სახელმწიფო უნივერსიტეტი 2006-ე ადგილზე იყო, იგი ლიდერობდა საქართველოში უნივერსიტეტთა შორის და ასევე კავკასიაშიც. გარკვეული სტრუქტურული რეფორმების გატარების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეიტინგმა ამ ბაზაში აიწია და დღეისთვის უნივერსიტეტი 830-ე ადგილზეა. პაპავას განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიო საუკეთესო უნივერისტეტთა 5%-ში მოხვდა.
ანგარიშის დროს პაპავამ ასევე ისაუბრა სხვა საერთაშორისო რეიტინგებზეც, კერძოდ, იმ რეიტინგზე, რომელიც უნივერსიტეტების სამეცნიერო საქმიანობას აფასებს. ამ რეიტინგის მიხედვითაც უნივერსიტეტი მსოფლიოს 1000 საუკეთესო უნივერსიტეტში ხვდება, კერძოდ, იგი 985-ე ადგილზეა.

banner
წინა სტატიაშიმასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა ამოქმედდა
შემდეგი სტატია„მთავრობა მიეჩვია, რომ თავისი უნიათობა, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ოდნავ გადაადგილებასაც კი დააბრალოს”