თინა ხიდაშელმა ქართველ სამხედროებს გიორგობის დღესასწაული მიულოცა

თინა ხიდაშელმა შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას გიორგობის დღესასწაული მიულოცა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში სამშვიდობო მისიით მყოფ ქართველ ჯარისკაცებს ტელეხიდით მიმართა. მან სამხედროებს მადლობა გადაუხადა ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის და განაცხადა, რომ მისი სახით ჯარისკაცებს ეყოლებათ მეგობარი, მათი უფლებებისა და ინტერესებისთვის მებრძოლი.

„მინდა, მადლობა გითხრათ იმ სამსახურისთვის, რომელსაც ეწევით ჩვენი ქვეყნის და საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველსაყოფად. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობა. მნიშვნელოვანია ჩვენი ჯარისთვის და იმისთვის, რომ ყველამ – ჩვენმა პარტნიორებმა, მეგობრებმა იცოდნენ, დარწმუნებული იყვნენ, რომ ჩვენ მუდმივად მშვიდობის დასამყარებლად ვიბრძოლებთ მათთან ერთად“, – განაცხადა ხიდაშელმა.

მიმართვისას თავდაცვის მინისტრმა ყურადღება მედიის წარმომადგენლების ჯართან ურთიერთობის საკითხზეც გაამახვილა. მან ქართულ მედიას მოუწოდა, თავი შეიკავონ ისეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც “ჩირქს სცხებს” ქართულ ჯარს.

„მინდა, ქართულ მედიას მივმართო, რომ თავი შეიკავოს ნებისმიერი იმ ტიპის განცხადებისგან, ინფორმაციისგან, რომელიც ჩირქს სცხებს ჩვენს ჯარს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ასეთი ფაქტები რეაგირების გარეშე არ დარჩება თავდაცვის სამინისტროსგან და ჩვენ ყველანაირად შევეცდებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ დაუშვათ მსგავსი ტიპის რაიმე განცხადება, რაიმე გამოსვლა, რაიმე სიუჟეტი ქართული ჯარის შეურაცხყოფის“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაში„ძალიან მიკვირს, როგორ სძინავთ მშვიდი ძილით ივანიშვილსა და ღარიბაშვილს”, – ირაკლი ალასანია
შემდეგი სტატიაEBRD-ის შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმისთვის დახარჯული თანხიდან, 14 მილიონის ქონება სახელმწიფოს დარჩება