თინა ხიდაშელი: MAP-ს თუ ვერ მივიღებთ, არ იქნება საქართველოს დასასრული, მაგრამ იქნება ტრაგედია

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, ნატო-მ ვარშავის 2016 წლის სამიტზე MAP-თან დაკავშირებით საქართველოს კონკრეტული პასუხი უნდა გასცეს. როგორც ხიდაშელმა გერმანულენოვან გაზეთ Kurier-თან საუბრისას განაცხადა, საქართველოს მოთმინების რეჟიმში ყოფნა აღარ შეუძლია.
“თუ რუსეთი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, მაშინ უკრაინით აღარ დაკმაყოფილდება. არ შეიძლება ნატო-მ ან ევროკავშირმა მომავალშიც ისე იმოქმედონ, როგორც ამას დღეს აკეთებენ მხოლოდ რეაქციის სახით. ბევრი საშუალება არსებობს, აქ დედაქალაქებში ბევრი გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. სამწუხაროდ, თბილისში ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია. ჩვენ საკუთარი არჩევანი გავაკეთეთ. 2016 წელს ნატო-ს ვარშავის სამიტმა კონკრეტული პასუხი უნდა გაგვცეს. დადგა მომენტი, როდესაც ჩვენ კიდევ მოთმინების რეჟიმში ყოფნა აღარ შეგვიძლია. MAP-ს თუ ვერ მივიღებთ, ეს არ იქნება საქართველოს დასასრული, მაგრამ იქნება ტრაგედია”, – განაცხადა ხიდაშელმა.
რაც შეეხება საკითხს – ნატო-სთვის არის თუ არა დამაბრკოლებელი ფაქტორი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული შენაერთების არსებობა, როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, ეს ფაქტორი შესაძლებელია იყოს გაწევრიანების პროცესში, მაგრამ MAP-ის მიღებასთან დაკავშირებით არა.
ჟურნალისტის კითხვაზე – მოხდება თუ არა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება მომდევნო 10 წელში, როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, რეალურად, ეს შესაძლებელია 10 წელიწადში, ერთ წელიწადში, ნებისმიერ დროს მოხდეს.
“მზად უნდა ვიყოთ, შანსი ხელიდან არ გავუშვათ. ველოდებით ჩვენს შანსს. ჩვენი მხრიდან ყველა ტექნიკური სამუშაო შევასრულეთ. ახლა რაც გვაკლია, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება MAP-ის მისაღებად და საბოლოოდ, გაწევრიანება, რასაც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დაგვპირდნენ”, – განაცხადა ხიდაშელმა.
ინტერვიუს ქართულ თარგმანს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი აბაშიშვილი: ადმინისტრაციის შენიშვნები ეროვნული ბანკის კანონპროექტზე საერთაშორისი ინსტიტუტების პოზიციასთან თავსებადობაშია
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი ვეტოსთან დაკავშირებით განცხადებას უახლოეს ორ დღეში გააკეთებს