თინა ხიდაშელი: 26 მაისს ამერიკელი ჯარისკაცები ქართველ ჯარისკაცებთან ერთად იქნებიან წარმოდგენილი

მე დღეს უფრო მეტად არ ვიცი, რას გულისხმობდა ბატონი ალასანია

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, 26 მაისს, დამოუკიდბელობის დღეს, რუსთაველის გამზირზე ქართველ სამხედროებთან ერთად ამერიკელი სამხედროებიც იქნებიან წარმოდგენილი. ამის შესახებ თინა ხიდაშელმა ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალ, გენერალ-ლეიტენანტ ფრედერიკ ბენ ჰოჯესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც თინა ხიდაშელმა აღნიშნა, დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლებები მთავრდება.

“ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ვმასპინძლობთ გენერალს, რომლის დამსახურებაა და ის არის მიზეზი ამ ტრენინგის წარმატების”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საინტერესო საუბარი შედგა წვრთნების გაგრძელების შესახებ, ასევე იმაზე, თუ როგორ უნდა დაიგეგმოს მომავალ წლებში.

“ბევრი ახალი ინოვაციური იდეა აქვს მასაც, საქართველოს გენშტაბის უფროსსაც და დარწმუნებული ვარ, მომავალი წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება. ასევე გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა ქართულ-ამერიკული ორმხრივი ურთიერთობების წარმატებაზე. მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ამ თანამშრომლობის, რომელსაც მთელი საქართველო იხილავს 26 მაისს, იქნება ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებიც ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ჩვენ დამოუკიდებლობის დღეს ჩვენი ქვეყნის მთავარ მოედანზე იქნებიან წარმოდგენილი, როგორც ნიშანი და დასტური ჩვენი თანამშრომლობის, მეგობრობის, პარტნიორობის და მხარდაჭერის, რომელსაც ამ ორი ათეული წლის მანძილზე ჩვენ ვგრძნობდით ამერიკის შეერთებული შტატებიდან”, – განაცხადა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა გენერალ-ლეიტენანტ ფრედერიკ ბენ ჰოჯესი გუშინ დააჯილდოვა სწორედ იმ პატივისცემისა და და მადლიერების დასტურად, რასაც “ყოველი ჩვენგანი პირადად მისი, ამერიკული სამხედრო ძალების და ამერიკული სახელმწიფოს მიმართ განიცდის”.

banner
წინა სტატიაშიგრემისხევიდან ერთი ქართველი გაიტაცეს
შემდეგი სტატიათამარ ბერუჩაშვილი: გატაცებები არის სირთულე, რასაც კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა აწყდება