თინა ხიდაშელი: პუტინი უკრაინით არ დაკმაყოფილდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის განცხადებით, საქართველო დღესაც საომარ მდგომარეობაში იმყოფება. ამის შესახებ თინათინ ხიდაშელმა შვეიცარიულ გერმანულენოვან გამოცემაში “ციურიხის ახალი გაზეთი” (Neue Zürcher Zeitung) ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, როგორც თავდაცვის მინისტრს, ალბათ გაწუხებთ, რომ რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში ომს აწარმოებს, შვიდი წლის წინ რუსეთის სამიზნე საქართველო იყო, თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რომ ეს საკითხი არა მხოლოდ მას, არამედ, ყველა ქართველს აწუხებს.
“სამწუხაროდ, დღესაც საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლები არ მიმდინარეობს, ყოველდღიურად იტაცებენ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მოსაზღვრე სოფლებიდან მოსახლეობას. ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე მავთულხლართებს ავლებენ.
მსგავი ქმედებები ძირითადად ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან ხორციელდება. ამ რეგიონში რუსული სამხედრო ბაზაა განთავსებული. ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს შუაგულში მდებარეობს. აღნიშნულ ტერიტორიას ქვეყნის ცენტრალურ გზატკეცილამდე სულ რაღაც 10-20 წუთი, დედაქალაქ თბილისამდე კი ერთი საათი აშორებს.
კონფლიქტურ ტერიტორიაზე მხოლოდ უსაფრთხოების ძალები მუშაობენ. თავდაცვის სამინისტრო ამაში ჩართული არ არის. 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების თანახმად, კონფლიქტურ ზონებში ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები არ იმყოფებიან. რუსეთი კი შეთანხმებას მუდმივად არღვევს”, -განაცხადა ხიდაშელმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოსა და უკრაინაში არსებულ მდგომარეობას მსგავსებაზეც ისუაბრა.
“დიახ, ჩვენსა და უკრაინის “ნარინჯისფერ რევოლუციებს” შორის ერთი წელია განსხვავება. ჩვენ ბევრი რამ გვაახლოებს. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში საქართველოსა და უკრაინას განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. ჩვენ, ორი ქვეყანა ვგრძნობდით, რომ იმპერიისგან ერთსა და იმავე ზეწოლას განვიცდიდით”, -განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, უკრაინასთან სამხედრო მიმართულებით არ არის თანამშრომლობა, მაგრამ საქართველო უკრაინის მხარდამჭერია და ჰუმანიტარული და სამედიცინო კუთხით მნიშვნელოვან დახმარებას უწევს.
მინისტრის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ომში დაშავებულების მკურნალობის თაობაზე. “ავღანეთის საერთაშორისო მისიაში სამხედრო მოსამსახურეების ჩართულობიდან გამომდინარე, ამ კუთხით გარკვეული გამოცდილება გვაქვს”, -განაცხადა ხიდაშელმა.
კითხვაზე, რით განსხვავდება ორი ქვეყნის მდგომარეობა ერთმანეთისგან, ხიდაშელმა განაცხადა, რომ “ვფიქრობ, 2008 წელს ჩვენ მსოფლიო ვერ გამოვაფხიზლეთ”.
“დარწმუნებული ვარ, მაშინ საქართველოს ხელისუფლებას დახმარება რომ ეთხოვა და მსოფლიო საზოგადოებას ეს გაეთვალისწინებინა, დღეს უკრაინა ომს თავიდან აიცილებდა. ჩვენ ნორმალურ მდგომარეობას თითქოს ძალიან სწრაფად დავუბრუნდით. უკრაინის შემთხვევაში განსხვავებული სიტუაციაა. იქნებ ამჯერად მეზობლებთან მიმართებაში რუსეთის განზრახვებთან დაკავშირებით ეჭვები აღარ გაჩნდეს”, -აღნიშნა ხიდაშელმა.
როგორც მან აღნიშნა, გამოსაცნობი და მისახვედრი არაფერია იმაში, თუ რა სურს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს.
“ბატონი პუტინი ყველაფერზე ნათლად მიანიშნებს. სიტყვით გამოსვლისას, პუტინს ისიც აქვს ნათქვამი, რომ მეოცე საუკუნის ყველაზე დიდ კატასტროფად საბჭოთა კავშირის დაშლა მიაჩნია. მას უსაუბრია უარყოფით მხარეებზე, რაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყნების დამოუკიდებლობამ მოიტანა. ეს კაცი ყოველთვის ამბობს, რას ფიქრობს. პრობლემა ის არის, რომ ჩვენ მას სათანადოდ, სწორად არ ვუსმენთ ან ბოლომდე არ გვჯერა, რასაც ამბობს. რასაც პუტინი დღეს აკეთებს, მოკლედ ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ – ის ცდილობს ზეწოლითა და რეპრესიებით ჩაახშოს დამოუკიდებელი ქვეყნების მისწრაფებები. პუტინს კონკრეტული დღის წესრიგი აქვს. მან იცის, რას აკეთებს. რატომ დაიწყო პირდაპირ ომი? იმიტომ რომ დარწმუნებული იყო, ხალხი ამის საშუალებას მისცემდა”, -განაცხადა ხიდაშელმა.
მინისტრის განცხადებით, ნატო-ში ინტეგრაცია საქართველოსთვის დღეს ყველაზე აქტუალური საკითხია.
“ნატო მშვიდობისმყოფელი ორგანიზაცია უფროა, ვიდრე სამხედრო. ბალტიისპირეთის ქვეყნები ნატო-ს წევრები რომ არ გამხდარიყვნენ, პუტინი მათზე მიიტანდა იერიშს და არა უკრაინაზე. რუსეთი მსგავს მოქმედებებს მხოლოდ მაშინ შეწყვეტს, როდესაც დარწმუნდება, რომ დასავლეთის ცივილიზებული სამყარო მასთან ომში ჩაერთვება. ევროპაში მასთან საომრად მზად არ არიან; თუმცა უკრაინის სახით ევროპაშიც ომია”, – განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, თუ ევროპა სხვა ქვეყნების საქმეებში არ ჩაერევა, რუსეთი უკან არ დაიხევს.
“ასეთ დროს რუსეთი ამოიცნობს “სუსტებს,” ხედავს, რომ წინ მარტივი თამაში აქვს. 2008 წლის ომის შემდეგ არავის სურდა იმის დაჯერება, რომ რუსეთის მომდევნო სამიზნე უკრაინა იქნებოდა. საერთაშორისო პარტნიორები გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ გვეჩვენებოდა, მაგრამ ეს მოხდა. საკითხს პოლიტიკური კუთხით რომ შევხედოთ, ეს არის ბრძოლა ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ. პუტინი ამბობს: ჩემი წესებია – კორუფცია, ტირანია, საერთაშორისო სამართლის პრინციპების უპატივცემულობა. რუსეთი უკრაინით არ დაკმაყოფილდება”, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიპატიმრების მიმართ არაადამიანურ მოპყრობასა და ძალადობაში ეჭვმიტანილები დააკავეს
შემდეგი სტატიააბიტურიენტთა მეორე ნაკადის რეგისტრაცია დაიწყო