თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადება ამომრჩევლის უპატივცემულობაა

არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადება ეს არის საკუთარი ამომრჩევლის უპატივცემულობა და მეტი არაფერი, – ასე აფასებს თავდაცვის მინისტრი , თინა ხიდაშელი საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ საგარეჯოსა და მარტვილში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ.
თინა ხიდაშელი არ იზიარებს პოლიტიკური ძალების მიერ დასახელებულ მიზეზს, რომ მათი ბოიკოტი არსებულ საარჩევნო სისტემას უკავშირდება და ფიქრობს, რომ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას უბრალოდ “გარდაუვალ წაგებაში მონაწილეობის მიღება არ სურთ”.
“საარჩევნო სისტემა არ არის მთავარი მიზეზი. მათ არ უნდათ გარდაუვალ წაგებაში მიიღონ მონაწილეობა. როდესაც პოლიტიკური პარტია არჩევნებს უცხადებ ბოიკოტს, მაშინ კარგად უნდა დაფიქრდე და ჩამოყალიბდე, გესმის თუ არა რას ნიშნავს იყო პოლიტიკური ძალა. არასდროს, ჩვენი საქმიანობის არც ერთ ეტაპზე რესპუბლიკურ პარტიას არც ერთი არჩევნებისთვის არ გამოუცხადებია ბოიკოტი, რადგან ეს არის პირველ რიგში საკუთარი ამომრჩევლის უპატივცემულობა და მეტი არაფერი. ამ გადაწყვეტილებით ისინი ბოიკოტს უცხადებენ შესაძლოა, პროცენტულად მცირე, მაგრამ ერთგულ ამომრჩევლებს, რომლებიც მათ ჰყავთ”, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: ვფიქრობ, საგარეჯო მიიღებს იმაზე გაცილებით ენერგიულ და აქტიურ დეპუტატს, ვიდრე ჰყავდა
შემდეგი სტატია„მოვითხოვთ, აღდგეს სამართლიანობა“- განათლების სამინისტროსთან აბიტურიენტთა აქცია მიმდინარეობს