თინა ხიდაშელი: მე, როგორც თავდაცვის მინისტრი ყველას გავცემ საკადრის პასუხს

მე, როგორც თავდაცვის მინისტრი ყველას საკადრის პასუხს გავცემ, თუკი ქართული ჯარის და ჯარისკაცების წინააღმდეგ ბინძური კამპანია გაგრძელდება , – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებებათა დაცვის, თავდაცვის და საპროცედურო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
ხიდაშელი ცენტრალურ აფრიკაში მყოფ ქართველ სამხედროებთან დაკავშირებით ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეჭვი “კამპანიურობაზე” ჩნდება, ვინაიდან მის გამავრცელებელ ტელევიზიას ბოდიში არ მოუხდია.
“არ შემიძლია პროგრამულ პრიორიტეტებზე ვისაუბრო, ვიდრე არ გამოვეხმაურები სრულიად აღმაშფოთებელ, შემაძრწუნებელ კამპანიას, რომელიც ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ სულ რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ ერთ-ერთი ტელევიზიის მხრიდან და პირობას გაძლევთ, ნებისმიერ ჩემს საჯარო გამოსვლას დავიწყებ ამით, სანამ არ დადგება შედეგი. შესაძლებელია, გვეფიქრა, რომ ეს იყო უნებური შეცდომა, რომ ტელევიზიას სხვა მედიასაშუალებისთვის დაესწრო და ჰქონოდა ექსკლუზივი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ დღემდე არც ბოდიში, არც სინანული, არც უარყოფა და არც რაიმე ამის მსგავსი მოგვისმენია, შეგვიძლია უკვე ვიფიქროთ კამპანიურობაზე – ძალიან კონკრეტულ მიზანზე გათვლილ ღონისძიებაზე, რომელიც განხორციელდა კონკრეუტლი ტელევიზიის მხრიდან. მე, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრი სრული კატეგორიულობით ვაცხადებ და მინდა ეს ყველამ გაიგოს, იქნებიან ჟურნალისტები, ექსპერტები, ყოფილი მთავარსარდალი თუ სხვები – ყველას გავცემთ საკადრის პასუხს როგორც თავდაცვის სამინისტრო და მე პირადად, როგორც თავდაცვის მინისტრი თუკი მსგავსი ბინძური კამპანიები გაგრძელდება ქართული ჯარის და ჯარისკაცების წინააღმდეგ. ქართული სახელმწიფო და ჩვენი პრესტიჟი დღეს დგას ქართულ ჯარზე. თუ რამით ვამაყობთ, რამით გვიცნობენ, ვუყვარვართ და გვაფასებენ, ესენი არიან ქართველი ჯარისკაცები და მათი თავდადება ავღანეთში, მანამდე ერაყში, ახლა კიდევ ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში”, – განაცხადა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშითურქეთი სირიაში შეჭრას აპირებს…
შემდეგი სტატიააშშ-ს სამხედროები დედამიწაზე „პროგრესის“ ვარდნას 8 მაისისთვის ელოდებიან