თინა ხიდაშელის აშშ-ში ვიზიტს უცხოური მედია აქტიურად აშუქებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამუშაო ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში უცხოური მედია აქტიურად აშუქებს, – ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაინტერესებულ მედიასაშუალებებს შორის არიან, ტელეკომპანია “ალ-ჯაზირა”, “ბლუმბერგი”, “რადიო თავისუფლება”, ასევე, ინტერვიუ ჩაიწერა ჟურნალ “ფორეინ ფოლისის” მიმომხილველ მაიკ ჩეჩირესთან.
სამინისტროს ცნობით, მედიის წარმომადგენლები ისეთი თემებით ინტერესდებიან, როგორებიცაა: საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივები, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის შედეგები და სამომავლო გეგმები, რეგიონული უსაფრთხოება და საქართველოს როლი საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფის პროცესში.
თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ საქართველო არ აპირებს უარი თქვას ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციაზე. მინისტრის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებამ 2008 წელს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის დროებით შეფერხება შეძლო. ვარშავის სამიტზე კი დასავლეთის ადეკვატური პასუხი საქართველოს ევროპულ მისწრაფებაზე უმნიშვნელოვანესი იქნება არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოების გარემოს, არამედ, მთლიანად ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უცხოელი ჟურნალისტები განსაკუთრებით დაინტერესდნენ თავდაცვის მინისტრისა და ეშტონ კარტერის შეხვედრით. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, აშშ-ის თავდაცვის მდივანთან საუბარი იმ სამომავლო პროექტებს შეეხო, რომლებიც აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას 2016 წლიდან ახალ ფაზაში გადაიყვანენ.

banner
წინა სტატიაშისოფელ წინანდალში 135 წლის ვაზი– „შავი თითა“ ხარობს+ფოტო
შემდეგი სტატიაუნივერსიტეტი გრაკლიანის გორაზე არქეოლოგიური კვლევების შეჩერებას უარყოფს