თინათინ ხიდაშელი აშშ-ს თავდაცვის მდივანს შეხვდა

თავდაცვის მინისტრი ე.წ. კაბელების საქმეზე ორი ბრალდებულის სამსახურში აღდგენის ფაქტს ეხმაურება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი პენტაგონში აშშ-ს თავდაცვის მდივან ეშტონ კარტერს შეხვდა. ხიდაშელის შეფასებით, შეხვედრა გამორჩეულად მეგობრული და პროდუქტიული იყო.
როგორც “თაიმერს” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ეშტონ კარტერთან საუბარი დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა და მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების შესაძლებლობებზე გაამახვილეს. შეხვედრაზე ამერიკული მხარის მიერ ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების გზაზე მარტო არ დარჩება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, პენტაგონში გამართულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო-ამერიკის პარტნიორობა რეალურ მეგობრობას, საერთო ღირებულებებსა და პრაქტიკულ მხარდაჭერას ეფუძნება.
“მეტი დახმარება და მხარდაჭერა ქართულ არმიას და, ზოგადად, საქართველოს უსაფრთხოების არსებულ გარემოს – იმისთვის, რომ საქართველომ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორმა სახელმწიფომ, წარმატებით და ადეკვატურად უპასუხოს რეგიონში არსებულ გამოწვევებს. ეს არის ის დაპირება, რომელიც ჩვენ თავდაცვის მდივნისგან მივიღეთ და უახლოეს მომავალში პრაქტიკულ შედეგებს გამოიღებს”, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში კვირის ბოლომდე გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში თინათინ ხიდაშელმა შეხვედრები უკვე გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში და ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.

banner
წინა სტატიაშიცხინვალში თვითაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის საელჩო გაიხსნა
შემდეგი სტატიათეთრ სახლში პირველი ტრანსგენდერი თანამშრომელი გამოჩნდა