თინათინ მჟავანაძე – პრეზიდენტმა 2013 წლიდან დღემდე 59 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი თინათინ მჟავანაძე მსჯავრდებულ ქალთა შეწყალებასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს ეხმაურება.
როგორც მჟავანაძე აცხადებს, მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა 2015 წელი ქალთა წლად გამოაცხადა, ქალთა უფლებების დაცვის საკითხებს უფრო მეტი ყურადღება ეთმობა.
“საზოგადოებისა და პოლიტიკოსების აქტივობის შედეგად, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებაში ქალთა როლი უფრო მეტად გაძლიერდა.
ქვეყნის პირველი პირი აქტიურად უჭერს მხარს საზოგადოებაში ქალთა როლის გაძლიერებას და მათი უფლებების დაცვას, ასევე, სავალდებულო გენდერული კვოტირების მექანიზმის შემოღებას, პრეზიდენტი აქტიურად მონაწილეობს ქალთა საკითხების შესახებ საერთაშორისო და ადგილობრივ ღონისძიებებში”, – აცხადებს მჟავანაძე.
მისივე ინფორმაციით, პრეზიდენტმა 2013 წლიდან დღემდე 59 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა.
“მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პრეზიდენტი დიდ ყურადღებას უთმობს მსჯავრდებული ქალების საკითხს. პრეზიდენტის მიერ შეწყალების მექანიზმის გამოყენების შედეგად დღეს საქართველოში უვადო მსჯავრდებული ქალი აღარ არსებობს. გარდა ამისა, პრეზიდენტმა 2013 წლიდან დღემდე 59 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა. აღსანიშნავია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში სასჯელს 250 ქალი მსჯავრდებული იხდის.
საქართველოს პრეზიდენტი ყურადღებით ეკიდება ქალთა უფლებების დაცვის მიმართ გამოთქმულ ყველა მოსაზრებასა და ინიციატივას.
გიორგი მარგველაშვილი შეწყალების კომისიასთან ერთად ყურადღებით გაეცნობა კონკრეტულ ხედვებს, თუკი ასეთი იქნება წარმოდგენილი”, – განმარტავს თინათინ მჟავანაძე.
როგორც ცნობილია, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ პრეზიდენტს მიმართა, პატიმარ ქალთა მიმართ სასჯელის შემსუბუქების და შეწყალების მიდგომებს გადახედოს.
“დაიწყო რეფორმა, რომელიც ინფრასტუქტურის მოწესრიგებას გულისხმობს, პირველ რიგში ქალებისთვის, რომელთათვისაც საპატიმროში ყოფნა განსაკუთრებით მძიმეა. ძალიან სწრაფად გადასაწვეტი საკითხია, რომ პაემნებისთვის ინფრასტუქტურა მოწესრიგდეს. ბუნებრივია, პატიმრობა ყველასთვის ძალიან რთულია, მაგრამ ქალებისათვის ეს არის ორმაგად მძიმე ტვირთი, ამიტომ მაქსიმალურად უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რომ მათი პირობები კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდეს და მიდგომა იყოს კიდევ უფრო ჰუმანური. აქვე ვისარგებლებდი შემთხვევით და მივმართავ პრეზიდენტს, მაქსიმალურად გამოიჩინოს მეტი ჰუმანურობა ქალი პატიმრების მიმართ. მათ საკმაოდ ბევრი აქვთ მოხდილი იმისთვის, რომ მიიღონ თავისუფლება. ვფიქრობ, ამ მხრივ მიდგომები გადასახედია”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლომ სახალხო დამცველის სარჩელი დააკმაყოფილა
შემდეგი სტატიაიუსტიციის მინისტრისა და ფოკელი ახალგაზრდების სვანეთში ვიზიტი დასრულდა