“თიბისი ბანკი” დაზარალებულ მომხმარებლებს შეღავათებს სთავაზობს

“თიბისი ბანკი” ლარის გაუფასურების გამო დაზარალებულ მომხმარებლებს შეღავათებს სთავაზობს. აღნიშნულთან დაკავშირებით “თიბისი ბანკი” განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით მათ მიერ რისკების სისტემური ანალიზის საფუძველზე, როგორც ახალი სესხების დამტკიცების პროცედურაში, ისე არსებული მსესხებლების მოთხოვნების დაკმაყოფილებაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა.

“თითოეული მსესხებლის მდგომარეობას ბანკი ინდივიდუალურად განიხილავს და მათზე მორგებულ შეღავათიან პირობებს შესთავაზებს. შეღავათი გულისხმობს სესხის ვადის გაზრდას ისე, რომ მსესხებელს ის ყოველთვიურად გადასახდელი თანხა შეუნარჩუნდეს, რაც ლარის გაუფასურებამდე ჰქონდა (1.75 კურსის დროს).
შეღავათები შეეხება:
1) მომხმარებლებს, რომლებსაც სესხი უცხოურ ვალუტაში აქვთ, ხოლო შემოსავალი ლარში და ლარის გაუფასურების გამო ყოველთვიურად გადასახდელი თანხა გაეზარდათ;
2) მომხმარებლებს, რომლებსაც სესხიც და შემოსავალიც ლარში აქვთ, მაგრამ, ლარის გაუფასურების შედეგად, სხვადასხვა მიზეზის გამო, შემოსავალი შეუმცირდათ (მეიჯარემ შეუმცირა ქირა, შემცირდა ბიზნეს შემოსავლები);
ბანკის წარმომადგენლები თითოეულ შემთხვევას ინდივიდუალურად განიხილავენ, შეისწავლიან მათ შემოსავლებს და ახალ გრაფიკს დაუდგენენ.
მომხმარებლის მდგომარეობიდან გამომდინარე პროლონგაცია შესაძლებელია მოხდეს ორგვარად;
ა) სესხი დარჩეს იმავე ვალუტაში, რაშიც იყო – ამ შემთხვევაში სესხზე საპროცენტო განაკვეთი შენარჩუნდება;
ბ) მომავალში კურსის მერყეობით გამოწვეული პრობლემების შესამცირებლად, მოხდეს სესხის გადატანა დოლარიდან ეროვნულ ვალუტაში.
ამ შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთის აწევა ლარში არსებული სესხების მინიმალურ განაკვეთამდე მოხდება.
ლარში გადაყვანილი გრძელვადიანი იპოთეკური სესხები მიბმული იქნება ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთზე.
სესხის პროლონგაციის დროს გამოიყენება იგივე უზრუნველყოფა და დამატებითი უზრუნველყოფა არ მოითხოვება.
“თიბისი ბანკის” მომხმარებლებმა შეღავათების მისაღებად უნდა მიმართონ ბანკის ფილიალებს და თავიანთ საკრედიტო ექსპერტებს”, – ნათქვამია “თიბისი ბანკის” განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიუკრაინას კონფლიქტის ზონიდან ტექნიკა გაჰყავს
შემდეგი სტატიახანძარი თბილისში – რამდენიმე ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა