,, თვითმმართველობის მოხელეთა ტესტირების ვადის გაგრძელება ნათესავ-მეგობრების დანიშვის მიზანს ემსახურება”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მტკიცებით, ადგილობრივ თვითმმართველობის მოხელეთა საატესტაციო ვადის ერთი წლით გადაწევა, გამოცდილი, კვალიფიციური კადრების სამსახურიდან გაშვების და ვაკანტურ ადგილებზე ნათესავ-მეგობრების მიყვანის მიზანს ემსახურება.
ამასთან დაკავშირებით განცხადება ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვისას გააკეთა და კოლეგებს მიმართა, რომ “ერთი შეხედვით ტექნიკური საკითხის უკან, ათიათასობით ადამიანისა და მათი ოჯახის ბედი დგას”.
როგორც გოგორიშვილი განმარტავს, ადგილობრივ თვითმმართველობებში გამოცხადებული ტესტირებები მხოლოდ ფორმალური პროცესია, რომელსაც აქვს ერთი შედეგი – შესაძლებელი იყოს ადამიანების სამსახურიდან სახლიდან გაშვება და მათ ნაცვლად, დროებით მოვალეობის შემსრულებლებად, ოჯახის წევრების და პარტიული აქტივისტების დანიშვნა.
გოგორიშვილის თქმით, მას შეუძლია იმ კონკრეტული ადამიანების დასახელება, რომელთაც ტესტირებისას დადებითი შეფასება მიიღეს, მაგრამ შემდეგ, გასაუბრებაზე მისმა ხელმძღვანელმა არ მოიწონა და სამსახურის გარეშე დარჩა.
“მათ ადგილებს იკავებენ ადამიანები, რომლებიც ტესტისტების დროს ჩაიჭრნენ, მიიღეს ძალიან დაბალი შეფასება, მაგრამ იმიტომ, რომ გამოცხადდა ვაკანსიები, აყვანილი არიან დროებით – სამი თვის ვადით, როცა სამ თვეს ორი დღე დააკლდება, ხდება ადგილების გაცვლა”, – განაცხადა პარლამენტის სხდომაზე გოგორიშვილმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა სავალდებულო ტესტირებისთვის კანონით დადგენილი ვადა ერთი წლით ხანგრძლივდება.
პარლამენტმა გასული წლის ივლისში “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსით დანიშვნის სავალდებულო ეტაპად მათი ტესტირება განისაზღვრა. სავალდებულო ტესტირებები 2015 წლის 1-ელ ივლისამდე უნდა ჩატარებულიყო, რაც კანონში დაგეგმილი ახალი ცვლილებებით 2016 წლის 1-ელ ივლისამდე გრძელდება.

banner
წინა სტატიაშიროგორც ჩანს, პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას საქმე არ აქვთ
შემდეგი სტატიაWikiLeaks: აშშ საფრანგეთის პრეზიდენტებს უთვალთვალებდა