თენგიზ შერგელაშვილი საგაზაფხულო გაწვევის მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი დიღმის მასივში არსებულ წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტს ეწვია და საგაზაფხულო გაწვევის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
როგორც “თაიმერს” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, 2015 წლის საგაზაფხულო გაწვევა 2 თებერვალს დაიწყო და 30 ივნისამდე გაგრძელდება. გაწვევის პროცესს კოორდინაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უწევს. საგაზაფხულო გაწვევის პერიოდში სულ 3038 წვევამდელის გაწვევა მოხდება.
სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ექვემდებარებიან 18-დან 27 წლამდე ასაკის ის მოქალაქეები, რომლებსაც სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან მისი გადავადების უფლება არ აქვთ. მოქალაქე, რომელიც მიიღებს შეტყობინებას გამწვევ კომისიაზე გამოცხადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ, ვალდებულია, შესაბამის სამსახურში მითითებულ ვადაში გამოცხადდეს.
3038 გასაწვევი მოქალაქიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში 1250 წვევამდელ გაიწვევენ; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში – 1239, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში 549 წვევამდელს.
ქვეყნის მასშტაბით ყველა თვითმმართველ ერთეულში შექმნილია და ფუნქციონირებს გამწვევი კომისიები. ამჟამად წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში დაწყებულია წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებები, რომელიც შეფერხებებისა და ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშინინო გოგუაძე არ გამორიცხავს, უმრავლესობამ ნინო გვენეტაძის კანდიდატურა ჩააგდოს
შემდეგი სტატიაკულტურის მინისტრი ბელგიაში მცხოვრებ ქართველ ხელოვანებს შეხვდა